გურჯაანში დაღუპული რვა თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულ მამას ბრალი დაუმძიმდა

დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის საკითხზე გურჯაანის სასამართლო ხვალ, 11 მარტს იმსჯელებს.
Sputnik

თბილისი, 10 მარტი - Sputnik. გურჯაანში ოჯახური კონფლიქტის დროს დაღუპული რვა თვის ჩვილის საქმეზე დაკავებულ მამას ბრალი წარუდგინეს, იუწყება „პირველი არხი“.

ტრაგედია გურჯაანში: ცოლ-ქმრის დაპირისპირებას 8 თვის ბავშვი ემსხვერპლა

შემთხვევა გურჯაანში გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს ჩვილი ხელში ეკავა, რა დროსაც მეუღლემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირების დროს ბავშვი, სავარაუდოდ, ასფიქსიით გარდაიცვალა. ბავშვის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით (ოჯახში ძალადობა) დაიწყო, თუმცა დღეს ბრალის წარდგენის დროს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა დაკავებულს კიდევ რამდენიმე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება.

ბრალდებულის  ადვოკატის ინფორმაციით, ეს მუხლებია - 116-ე (სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით), 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილი (ოჯახში ძალადობა რამდენჯერმე), 19 – 117-ის მესამე და მეხუთე ნაწილები (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება).

დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.