თბილისი, 10 მარტი - Sputnik. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გერმანიის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB Berlin ონლაინ მონაწილეობს, ნათქვამი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ, ვირტუალურ გამოფენაში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და ტურისტული კომპანიებიც მონაწილეობენ. გამოფენა 9 მარტს გაიხსნა და 12 მარტს დაიხურება.
დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარის რეგიონში ტურიზმის კუთხით არსებულ მდგომარეობას, ტურისტულ პროდუქტებსა და შესაძლებლობებს დეპარტამენტის წარმომადგენლები ITB Berlin-ზე ბიზნეს პარტნიორებსა და მედიის წარმომადგენლებს ონლაინ შეხვედრებისას გააცნობენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსოფლიოში პანდემიის დაწყებამდე აჭარისა და ქვეყნის ტურისტულ შესაძლებლობებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წლის განმავლობაში მსოფლიოს 20-ზე მეტ უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე უწევდა პოპულარიზაციას. მიმდინარე წელს კი, დეპარტამენტი რეგიონის წარდგენას 6 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გეგმავს.
ITB Berlin – უმნიშვნელოვანესი ტურისტული ფორუმია. ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება გერმანიის დედაქალაქში, უდიდესი საგამოფენო კომპლექსის - „მესე ბერლინის“ (Messe Berlin) ტერიტორიაზე. გამოფენის სტენდებსა და დარბაზებში წარმოდგენილი არიან ტურისტული ოპერატორები, დაჯავშნის სისტემები, ავიაკომპანიები, სასტუმროები, სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ობიექტები, ავტოტრანსპორტის დაქირავებისა და სხვა ტურისტული მომსახურებები.
მას შემდეგ, რაც 2021 წელს ITB Berlin-ის გამოფენის სათავგადასავლო და მდგრადი ტურიზმის მიმართულებით საქართველო გამოფენის პარტნიორი გახდა, ქვეყნის ძირითადად თემებს წარმოადგენს: ცოცხალი ქართული კულტურა, ტრადიციები, მრავალფეროვანი სათავგადასავლო ტურიზმი, სამთო ბილიკებიდან ზღვის სანაპირომდე, საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები.
http://adjara.gov.ge/branches/description.aspx?gtid=1022214&gid=7#.YEjbH2gzZPY