აშშ ადასტურებს: შტატები კვლავ გაუწევს წინააღმდეგობას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დასრულებას

რესპუბლიკელი კონგრესმენები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ არ შეესაბამება ხელისუფლების რეალურ ქმედებებს.
Sputnik

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. სახელმწიფო დეპარტამენტი არ აკეთებს კომენტარს კონგრესმენების შფოთვაზე „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-თან დაკავშირებით, თუმცა ვადასტურებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც აპირებს წინააღმდეგობა გაუწიოს გაზსადენის მშენებლობის დასრულებას, განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე.

ამერიკელი რესპუბლიკელები რუსული გაზსადენის მიმართ ბაიდენის პოზიციას აკრიტიკებენ

ეს იყო პასუხი ჟურნალისტების თხოვნაზე, კომენტარი გაეკეთებინა კონგრესმენების წერილზე სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისადმი, რომელიც გაზსადენის რუსულ პროექტს შეეხებოდა. კერძოდ, მასმედიის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, რატომ არ დაუწესა აშშ-ის ადმინისტრაციამ სანქციები ზოგ იმ ორგანიზაციას, რომლებიც გაზსადენის მშენებლობით არიან დაკავებული.

„ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს კონგრესთან კონტაქტებზე. აშშ-ის ადმინისტრაცია ფოკუსირებულია და ჩვენი ძალისხმევებიც იქითაა მიმართული, რომ აღვკვეთოთ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის [მშენებლობის] დასრულება“, — აღნიშნა პრაისმა.

მისი თქმით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიაჩნია, რომ „ეს ცუდი გარიგებაა, რომელიც ევროპას ყოფს“.

ამასთან პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა დააზუსტა, რომ ენტონი ბლინკენი გაზსადენის საკითხზე 10 მარტს იმსჯელებს კონგრესმენებთან.

მანამდე რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა წერილით მიმართეს სახელმწიფო დეპარტამენტს, რომლის თანახმადაც, აშშ-ის ადმინისტრაციის განცხადებები „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მიმართ არ შეესაბამება ხელისუფლების რეალურ ქმედებებს. კონგრესმენები წერილში ასახელებდნენ 15 ხომალდსა და რამდენიმე კომპანიას, რომელთა წინააღმდეგაც სანქციები არ დაწესებულა მიუხედავად იმისა, რომ მათ კავშირი აქვთ გაზსადენის მშენებლობასთან, და მოუწოდეს სახელმწიფო დეპარტამენტს, შეძლებისდაგვარად სწრაფად განიხილონ მათ მიმართ შესაძლო ქმედებები.