თბილისში აიკრძალება შენობებში შესახლება ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე

გამონაკლისს შეადგენს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად.
Sputnik

თბილისი, 10 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის კომიტეტები იწყებენ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებების განხილვას, რომელთა თანახმად თბილისში ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების ფუნქციონირება და გამოყენება აიკრძალება.

ვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი

კანონპროექტის მიხედვით, დაუშვებელია შენობა-ნაგებობის საცხოვრებლად ან სხვა დანიშნულებით გამოყენება ამ შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ შესაბამისი აქტის გამოცემამდე.

გარდა ამისა, დაუშვებელი ხდება ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით ექსპლუატაციაში მიუღებელი სამშენებლო ობიექტის მომარაგება.

გამონაკლისს შეადგენს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად.

ცვლილებები ძალაში შევა სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.