თბილისი, 10 მარტი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თანაშემწეებმა კვლავ არ მისცეს მას საშუალება, პასუხი გაეცა ჟურნალისტების შეკითხვებზე, როდესაც ის ვაშინგტონში მაღაზია WS Jenks & Son-ს სტუმრობდა, იუწყება გამოცემა The Sun.
გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენი დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ათვალიერებდა მაღაზიას მის მფლობელებთან ერთად, რის შემდეგაც პრესის წარმომადგენლები მისთვის კითხვების დასმას შეეცადნენ. ერთ-ერთი კითხვა მექსიკასთან სამხრეთ საზღვარზე საიმიგრაციო კრიზისს შეეხებოდა.
ჟურნალისტების მცდელობაზე პრეზიდენტის თანაშემწეებს მყისიერი რეაქცია ჰქონდათ და შეძახილებით Come on, press, you gotta go! რეპორტიორები გვერდზე გასწიეს.
გამოცემის ცნობით, ჯო ბაიდენი უკვე 48 დღეა, რაც პრეზიდენტის სავარძელს იკავებს, თუმცა ამ დრომდე არც ერთი პრესკონფერენცია არ გაუმართავს, რაც 100-წლიანი რეკორდია თეთრი სახლის ისტორიაში.
აღინიშნება, რომ ბაიდენის წინამორბედი 15 პრეზიდენტი თანამდებობაზე მოსვლიდან საშუალოდ 33 დღის განმავლობაში ხვდებოდა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, აშშ-ის ახალი ლიდერი კი უკვე შვიდი კვირაა დუმს.
ესოდენ ხანგრძლივი დუმილი კი აძლიერებს ეჭვებს პრეზიდენტის ქმედუუნარობის შესახებ, რასაც მისი გარემოცვა არჩევნებამდე ტრამპის პროპაგანდას მიაწერდა.
როგორც თეთრი სახლის პრეს-სამსახური აცხადებს, ჯო ბაიდენი პრესასთან პირველ შეხვედრას მიმდინარე თვის ბოლომდე გამართავს.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტს ქვეყნის თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინის სახელი და პენტაგონის დასახელება დაავიწყდა, როდესაც ის სიტყვით გამოდიოდა ქალი სამხედროებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.