„მოქალაქეები“ ჩანაწერების ნამდვილობის დადგენას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მოითხოვენ

გავრცელებული ჩანაწერების ავთენტიკურობის შესასწავლად შესაბამისი საექსპერტო და საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებისკენ სამართალდამცველ ორგანოებს არასამთავრობო სექტორმა და ოპოზიციურმა პარტიებმაც მოუწოდეს.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. პარტია „მოქალაქეები“ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში გავრცელებული აუდიოჩანაწერების ნამდვილობის დადგენის მიზნით დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდიან.

6 მარტს ოპოზიციურმა ტელეარხმა „TV პირველმა“ გამოაქვეყნა სკანდალური აუდიოჩანაწერები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ვაჟის - 27 წლის ბერას, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების მაკომპრომეტირებელ საუბრებს შეიცავს. 

პროკურატურამ ფარული ჩანაწერების საქმეზე გამოძიება დაიწყო

დეპუტატებმა ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა ინიციატივის განხორციელებაში დახმარებისთვის ოპოზიციას მიმართეს, რამდენადაც, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საკითხის ინიცირებისთვის აუცილებელია 30 ხმა, კომისიის შესაქმნელად კი 50 დეპუტატის მხარდაჭერაა აუცილებელი.

როგორც ბრიფინგზე ელისაშვილმა განაცხადა, რამდენიმე დღე გავიდა, კითხვებზე – როდის გაკეთდა ჩანაწერი და ავთენტიკურია თუ არა იგი – პასუხი ამ დრომდე არ არის.

„ჩვენ ნორმალური ქვეყანა რომ ვიყოთ, გამოძიება უკვე დაწყებული იქნებოდა. ჩვენ ამის ნაცვლად ვხედავთ სხვადასხვა სტუდიებში დისკუსიებსა და პოლიტიკურ ინსინუაციებს. ეს პოლიტიკური მკითხაობაა და არა გამოძიება. პროკურატურამ შეიძლება დაიწყოს გამოძიება, მაგრამ, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, მისადმი ნდობა ნულს ქვემოთაა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, პირველ რიგში მმართველი პარტიის ინტერესებშია – საგამოძიებო კომისიის ფარგლებში პასუხი გაეცეს ყველა კითხვას.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა – კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, მიყურადებისა და მისი უკანონოდ გამოყენება/გავრცელების ფაქტებზე გამოძიება უკვე დაიწყო.