ჯანდაცვის სამინისტრო: ინდოეთიდან ვაქცინის შემოსატანად ყველაფერი კეთდება

AstraZeneca-სა და Novavax-ის ვაქცინების შემოსატანად უკვე ერთი კვირაა ინდოეთში მოლაპარაკებებს აწარმოებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი – Sputnik. საქართველო ყველა არხს იყენებს იმისთვის, რომ კორონავირუსის ვაქცინა დროულად შემოვიდეს ინდოეთიდან, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ვაქცინაცია, ნიღბების რეჟიმი და სიკვდილიანობა: ცერცვაძემ ყველაზე აქტუალურ კითხვებს უპასუხა

მისი თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თითქმის ერთი კვირაა ინდოეთში იმყოფება, რომელიც ვაქცინების ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი ქვეყანაა. მათ შორისაა AstraZeneca-ს ვაქცინაც, რომელსაც „სერუმის“ ინსტიტუტი აწარმოებს. ეს ინსტიტუტი დაიწყებს ასევე Novavax-ის ვაქცინის წარმოებას.

გაბუნიას განცხადებით, არის აგრეთვე ინდური ვაქცინები, რომლებსაც ჯანმოს ავტორიზაცია ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ ქვეყნებმა უკვე დაიწყეს მათი რეგისტრაცია და გამოყენება. მილიონობით დოზა უკვე შეიძინა ბრაზილიამ.

საქართველოს საგარეო უწყება ინდოეთიდან ვაქცინების იმპორტის ყველა შესაძლებლობას განიხილავს.

საქართველომ COVAХ–თან ყველა ვალდებულება შეასრულა და ვაქცინას მიიღებს – ჯანმო>>

„ინდოეთი გარკვეულწილად მკაცრად არეგულირებს ქვეყნიდან ვაქცინების გამოტანას. სწორედ ამიტომ არის საჭირო მაღალი დონის ვიზიტი. ყველანაირი დიპლომატიური არხი არის გამოყენებული, რათა ინდოეთიდან ვაქცინების იმპორტი დროულად მოვახერხოთ“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნიამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესი უკვე მარტის ბოლოს დაიწყება.

„ვაქცინა გზაშია“ – ჯანმო საქართველოს მოსახლეობას მიმართავს

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ უფრო ადრე კატეგორიულად უარყო კორონავირუსის ჩინური ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობა, დღეს ქვეყანა ასეთ შესაძლებლობასაც განიხილავს. გაბუნიას თქმით, ჩინური „სინოფარმი“ ჯანმოს ავტორიზაციას, სავარაუდოდ, მარტის ბოლომდე მიიღებს.

საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია (29 250 დოზა) 22 მარტის შემდეგ უნდა მიიღოს. დაახლოებით ამავე დროს შემოვა AstraZeneca-ს ვაქცინაც.

COVAX–პლატფორმის დახმარებით ვაქცინის 1,4 მილიონი დოზის მისაღებად საქართველომ წინასწარ 5,3 მილიონი დოლარი გადაიხადა. ვაქცინების ეს რაოდენობა მოსახლეობის 20%-ის – 700 ათასი ადამიანის ასაცრელად არის საკმარისი. საქართველომ ასევე გამოთქვა ინტერესი Novavaх-ის ვაქცინის 1 მლნ დოზის შეძენაზე.