თბილისი, 9 მარტი – Sputnik. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვახტანგ ჩიქოვანს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და არჩილ გაგნიძეს 16–16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. კიდევ ორი არასრულწლოვნის მიმართ განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.
მოსამართლის გადაწყვეტილებამ ბრალდებულთა ოჯახის წევრებისა და ადვოკატების უკმაყოფილება გამოიწვია.
„გადაწყვეტილებას კანონთან საერთო არაფერი აქვს. ეს იყო პოლიტიკური შეკვეთილი გადაწყვეტილება... დღეს გამოტანილ განაჩენს აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოს ზემო ინსტანციებში, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოს მივმართავთ“, – განაცხადა ვახტანგ ჩიქოვანის ადვოკატმა ლელა გოგოლაძემ.
19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გასული წლის 22 ივნისს მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე სიცოცხლეში მიყენებული უამრავი დაზიანება იყო.
საქმის მასალები
გამოძიებით დადგინდა, რომ მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა ჩხუბი, რა დროსაც სცემეს ვახტანგ ჩიქოვანს, რომელმაც, გამოძიების ვერსიით, საკუთარი დამცირებისთვის შურისძიება გადაწყვიტა. სწორედ ჩიქოვანმა მოიხმო თბილისიდან დასახმარებლად მეგობრები, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით რამდენიმე მანქანით წავიდნენ.
სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი–ლესელიძე–სენაკის ტრასაზე თბილისისკენ ფეხით მიმავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფი ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოახერხა. გიორგის კვალი სწორედ ამ დაპირისპირებისას დაიკარგა.
პროკურატურის ვერსიით, მცხეთა–თბილისის ტრასაზე, ჩხუბის ადგილზე 15-20 წუთის სხვაობით ორი ავტომობილი მივიდა. ავტომობილების მგზავრებსა და ახალგაზრდების ჯგუფს შორის, რომელთა შორის იყო გიორგი შაქარაშვილი, ორი ჩხუბი მოხდა. ამის შემდეგ შაქარაშვილი აღარავის უნახავს.
გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, ნათქვამია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, თუმცა იქვე მითითებულია, რომ გარდაცვლილს ბლაგვი-მკვრივი საგნით სიცოცხლეშივე მიყენებული აქვს მრავლობითი დაზიანებები.
საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ 2020 წლის 11 აგვისტოს დაიწყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.