შებოლილი ძეხვეული სიგარეტზე უფრო სახიფათოა: ონკოლოგი განმარტავს

კიბოს შემსწავლელი საერთაშორისო სააგენტოს კლასიფიკაციით, გადამუშავებული ხორცპროდუქტები ოფიციალურად განეკუთვნება პირველი ჯგუფის კანცეროგენებს.
Sputnik

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. შებოლილი ძეხვის 50 გრამი კანცეროგენულობის მხრივ ერთ კოლოფ სიგარეტს უდრის, აცხადებს ონკოლოგი, პროფესორი ალექსანდრ სერიაკოვი.

როგორ გამოვავლინოთ მსხვილი და სწორი ნაწლავების კიბო ადრეულ სტადიაზე - საეჭვო სიმპტომები

მისი თქმით, ასეთი პროდუქტი მავნებელია ორგანიზმისთვის, თუმცა მისი იშვიათად მიღება ორგანიზმს სერიოზულ ზიანს ვერ აყენებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში მუდმივად მიირთმევს შებოლილ ძეხვსა და წითელი ხორცისგან დამზადებულ სხვა პროდუქციას, ონკოლოგიური დაავადებებისა და ლეტალური შედეგების რისკი მნიშვნელოვნად იზრდება.

„კანცეროგენულობის თვალსაზრისით ყველაზე სახიფათო შებოლილი ძეხვია, ვინაიდან შებოლვის დროს გამოიყოფა კვამლი, რომელიც არაერთ მავნე ნივთიერებას შეიცავს. ასეთ ძეხვში, ნიტრიტების გარდა, შეიძლება შედიოდეს კიდევ ერთი ნივთიერება, რომელიც დადასტურებულად არის კანცეროგენულად აქტიური — ეს ბენზპირენია“, — განმარტა პროფესორმა.

მისი თქმით, ბენზპირენი შებოლვისთვის გამოყენებული შეშის თერმული დაშლის დროს წარმოიქმნება.

არსებობს სამოსი, რომელიც კიბოს რისკს ზრდის: ონკოლოგი განმარტავს

გარდა ამისა სერიაკოვმა განმარტა, რომ კიბოს შემსწავლელი საერთაშორისო სააგენტოს მეცნიერთა კლასიფიკაციით, კანცეროგენულ პროდუქტებს, დიდი ალბათობით, ასევე განეკუთვნება წითელი ხორცი.

იმავე კლასიფიკაციით, გადამუშავებული ხორცპროდუქტები, როგორებიცაა სოსისი, სარდელი, ბეკონი, ხორცის კონსერვები — ოფიციალურად განეკუთვნება პირველი ჯგუფის კანცეროგენებს.

  • „კვლევების მონაცემებით, ასეთი გადამუშავებული პროდუქციის 50 გრამის ყოველდღიური გამოყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს 18%-ით ზრდის“, — ხაზგასმით აღნიშნა ონკოლოგმა.

მისი თქმით, საშიშროების ძირითადი ფაქტორი — ეს ხორცპროდუქტების ნებისმიერი გზით დამუშავებაა მათი შენახვის ვადის გაზრდისა თუ გემოს გაუმჯობესების მიზნით, იქნება ეს თერმული დამუშავება, შებოლვა, კონსერვირება თუ დამარილება.