საია – გენდერული თანასწორობა საქართველოში კვლავ პრობლემაა

სექსუალური ძალადობის შემთხვევების რაოდენობა 2021 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ხუთი პროცენტით გაიზარდა, აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
Sputnik

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. მიუხედავად საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებისა ქალთა თანასწორობისა და მათი ძალადობისგან დაცვის კუთხით, გენდერული თანასწორობა კვლავ პრობლემად რჩება და სახელმწიფოსგან მუშაობას მოითხოვს ბევრ ასპექტში, ნათქვამია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებაში.

სექსუალური ძალადობა ქალთა მიმართ: საქართველოში უნიკალური კვლევა ჩატარდა

საქართველო სხვა მრავალ ქვეყანასთან ერთად 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. დღესასწაული თავდაპირველად გაჩნდა, როგორც თანასწორობის უფლებისთვის ბრძოლაში ქალთა სოლიდარობის დღე. 1975 წლიდან ქალთა საერთაშორისო დღე გაეროს ეგიდით აღინიშნება.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოში ქალები და გოგონები ხშირად ხდებიან ძალადობის ისეთი სერიოზული ფორმების მსხვერპლი, როგორიცაა ძალადობა ოჯახში, სექსუალური შევიწროება, სექსუალური ძალადობა, ფემიციდი, იძულებითი ქორწინება და იძულებითი აბორტი. ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ მიუხედავად ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა გადამზადებისა და სხვა მიღებული ზომებისა, კვლავ პრობლემაა სექსუალურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტური გამოძიება.

„ძლიერი ქალები, ძლიერი საქართველო“: ქალების მხარდასაჭერად ევროკავშირი კამპანიას იწყებს>>

ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წლის ცხრა თვეში საქართველოში მოკლეს 19 ქალი, ადგილი ჰქონდა 20 ქალის მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის, ყოფილი ქმრის ან პარტნიორის მხრიდან.

გორის რაიონში 13 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა - დაკავებულია 50 წლის მამაკაცი

ამას გარდა, სექსუალური ძალადობა საქართველოში კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ, დამალულ და დაუსჯელ ფორმად გენდერული ძალადობისა. საიას მონაცემებით, სექსუალური ძალადობის შემთხვევები 2021 წლის იანვარში 5%-ით მეტი იყო, ვიდრე გასული წლის ამავე თვეში.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი ტრაგედიები ნათლად აჩვენებს, რომ სახელმწიფოს არა აქვს პრევენციულ მექანიზმებზე დაფუძნებული ძლიერი, ეფექტური და კოორდინირებული პოლიტიკა.

საკითხის მოგვარების ხერხები საიასგან

ქალებზე ძალადობის პრევენციის მიზნით საია გამოდის წინადადებებით:

  • შეიქმნას პრევენციის სისტემური მექანიზმი, რომელიც დაგეგმავს პრევენციული ღონისძიებების გატარებას – ქალთა თანასწორუფლებიანობის მიმართულებით, მათ შორის შემდეგ საკითხებზე: ოჯახში ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ადრეული და იძულებითი ქორწინება; 
  • ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით დაინერგოს და განხორციელდეს შესაბამისი პროფესიული გადამზადების პროგრამები;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ უზრუნველყონ სექსუალური ძალადობის ყველა შემთხვევის სათანადო აღრიცხვა, წარმართონ გამოძიება გენდერულად მგრძნობიარე მეთოდოლოგიით და ყველა შემთხვევაში გამოიყენონ დანაშაულის სიმძიმის შესაბამისი კვალიფიკაცია;
  • საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები შეიტანოს სქესობრივი დანაშაულების დეფინიციაში, რითიც ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან. ასევე მოახდინოს იძულებითი აბორტის და აბორტის იძულების კრიმინალიზაცია.