თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (42-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) АТР-250 სერიის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო. ჩემპიონატი დოჰაში (კატარი) ტარდება.
პირველ წრეში ბასილაშვილმა ავსტრალიელი ჯონ მილმანი (41) სამ სეტში დაამარცხა – 2:6, 6:4, 6:2. მატჩი 1 საათსა და 53 წუთს გაგრძელდა.
პირველ პარტიაში ქართველმა ჩოგბურთელმა ოთხი ჩაწოდებიდან სამი წააგო და მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწია. მეორე სეტში ორივე მხარემ არაერთი შეცდომა დაუშვა, თუმცა ავსტრალიელმა - ოდნავ მეტი.
რაც შეეხება მესამე სეტს, ბასილაშვილმა ის თითქმის იდეალურად ჩაატარა. ქართველმა ჩოგბურთელმა ჰარმონიული თამაშით ორი ბრეიკი შეასრულა, რამაც საბოლოო წარმატება მოუტანა.
უნდა აღინიშნოს, რომ მილმანის დამარცხებით ბასილაშვილმა დაასრულა წარუმატებელი სერია. ტურნირის მეორე წრეში გასვლის შედეგად მან 20 რეიტინგული ქულა და თითქმის 17 ათასი დოლარი საპრიზო თანხა მოიპოვა.
ბასილაშვილი როტერდამის ტურნირზე ბრიტანელ ჩოგბურთელს დაუპირისპირდება >>
მეორე რაუნდში ბასილაშვილი შეხვდება ბორნ ჩორიჩისა (ხორვატია) და მალიკ ჟაზირის (ტუნისი) წყვილის გამარჯვებულს.
დოჰას ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 891 ათასი აშშ დოლარია, მოქმედი გამარჯვებული კი რუსი ანდრეი რუბლიოვია, რომელიც კატარში თავისი ტიტულის დასაცავად ასპარეზობს.