პროკურატურა ფარული აუდიოჩანაწერების გამოძიებას დაიწყებს? „ლელომ" სარჩელი შეიტანა

გავრცელებული ჩანაწერების ავთენტიკურობის შესასწავლად შესაბამისი საექსპერტო და საგამოძიებო ღონისძიებების ჩატარებისკენ მოუწოდა სამართალდამცველ ორგანოებს არასამთავრობო სექტორმაც.
Sputnik

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა ფარული აუდიოჩანაწერების გამოძიების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართეს. 

არასამთავრობო სექტორი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პრემიერისგან განმარტებებს მოითხოვს

6 მარტს ოპოზიციურმა ტელეარხმა „TV პირველმა“ გამოაქვეყნა სკანდალური აუდიოჩანაწერები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ვაჟის - 27 წლის ბერას, ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და სხვა მაღალჩინოსნების მაკომპრომეტირებელ საუბრებს შეიცავს. 

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის კახა კოჟორიძის თქმით, პროკურატურა ვალდებულია აღნიშნული ფაქტი გამოიძიოს, რამდენადაც გავრცელებული აუდიომასალა შესაძლო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„ლელოს“ წევრები და იურისტები აქ მოვედით, რათა პროკურატურას შევახსენოთ მათი ვალდებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში პირდაპირ წერია, რომ მასმედიის საშუალებით ინფორმაციის გავრცელება, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პირდაპირ წარმოშობს პროკურატურის ვალდებულებას, რომ დაიწყოს გამოძიება“, – განაცხადა კოჟორიძემ ჟურნალისტებთან. 
„ქართული ოცნება“ ბერა ივანიშვილის მონაწილეობით აუდიოჩანაწერებს ფაბრიკაციას უწოდებს

გუშინ მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ განცხადება გაავრცელა და აუდიოჩანაწერებს „2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია“ უწოდა.

როგორც მმართველი გუნდის განცხადებაშია აღნიშნული, გავრცელებული ჩანაწერი შედგება იმ ადამიანების საუბრებიდან ამოჭრილი ცალკეული სიტყვებისა და ფრაზებისაგან, რომელთაც ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება რამდენიმე თვის განმავლობაში ფარულად იწერდა.

მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, რომ ჩანაწერის გაკეთების დროს მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ხოლო ბერა ივანიშვილი არასრულწლოვანი იყო.