COVID-19 - ბოლო ცნობები

„ვაქცინა გზაშია“ – ჯანმო საქართველოს მოსახლეობას მიმართავს

მაგრამ ადამიანებმა არ უნდა დაივიწყონ, რომ ვაქცინა პრობლემის გადაჭრის ჯადოსნური საშუალება არ არის და კვლავინდებურად საჭიროა ხელის ჰიგიენა, პირბადე და დისტანცია, აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
Sputnik

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ვაქცინა არის, ის გზაშია და მალე მიიღებთ – ასეთი გზავნილით მიმართა საქართველოს მოსახლეობას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის პროგრამისა და ვაქცინაციით დაავადებების პროფილაქტიკის ჯგუფის ხელმძღვანელმა სიდჰარტა სანკარ დატამ.

მისი თქმით, საქართველო მზადაა ვაქცინაციის დასაწყებად და მან ყველა ვალდებულება შეასრულა.

საქართველომ COVAХ–თან ყველა ვალდებულება შეასრულა და ვაქცინას მიიღებს – ჯანმო>>

„მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ ვაქცინა არის, ის გზაშია და მას მალე მიიღებთ, როგორც ის სხვა ქვეყნებმა მიიღეს... ის დაგვიცავს კორონავირუსის მძიმე ფორმისგან და არ დაგვჭირდება ჰოსპიტალიზაცია. ვაქცინა შეაჩერებს სიკვდილიანობას“, – განაცხადა დატამ.

დაზუსტებულია - საქართველო Pfizer-ის ვაქცინის პირველ პარტიას 22 მარტისთვის მიიღებს

მისი თქმით, ვაქცინაციის მიუხედავად, მაინც საჭიროა ჰიგიენის დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, და არ უნდა დავივიწყოთ, რომ ვაქცინა პრობლემის გადაჭრის ჯადოსნური ხერხი არ არის. ამასთან, მეცნიერებმა ჯერ არ იციან, რამდენ ხანს იმოქმედებს ვაქცინით გამომუშავებული იმუნიტეტი.

ჯანმოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ჯერ ცნობილი არ არის, საჭირო გახდება თუ არა ვაქცინაცია განმეორებით ექვსი თვის ან ერთი წლის შემდეგ. ამ დროისათვის ინფორმაცია გროვდება ყველა ქვეყნიდან, სადაც დაიწყო ვაქცინაცია.

დატამ აღნიშნა, რომ Pfizer-ისა და Astrazeneca-ს ვაქცინების ეფექტურობა ჯანმოს მინიმალურ მოთხოვნებზე ბევრად მაღალია და მათ ორგანიზაციის ავტორიზაცია გაიარეს.

საქართველომ Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია – 29 250 დოზა 22 მარტის შემდეგ უნდა მიიღოს. დაახლოებით ამავე დროს შემოვა AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტიაც.

ჯანმო კორონავირუსის პანდემიის დასრულების თარიღს ასახელებს>>

საქართველომ COVAX–პლატფორმის მეშვეობით 1 400 ათასი დოზა ვაქცინის მისაღებად წინასწარ გადაიხადა 5 300 ათასი დოლარი. ამ რაოდენობის ვაქცინის დოზა მოსახლეობის 20 პროცენტისთვის (700 ათასი მოქალაქე) არის საკმარისი.