„სასიამოვნოდ სევდიანი" – როგორ შეაფასეს ქართული ფილმი ბერლინალეზე

ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე ალექსანდრე კობერიძის ფილმს პოეტური, მახვილგონივრული და შთამბეჭდავი უწოდეს.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. ქართველი რეჟისორის ალექსანდრე კობერიძის ფილმმა „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ რომელიც ბერლინის კინოფესტივალის მთავარ საკონსკურსო პროგრამაშია შესული, უცხოელი კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. 

ეროვნული კინოცენტრი მაყურებელს „ბერლინალეს“ მონაწილე ქართული ფილმების ჩვენებას სთავაზობს

„ეს ქართული ზღაპარი მართლა საჩუქარია, რომელიც სხვას არ ჰგავს. ქალაქის ქუჩებში, რომელიც გაზაფხულის ყვავილობითაა მოჯადოებული, ულტრარომანტიკული ექსცესი ვითარდება. ფილმის თითოეული კადრი გასაოცარია. შთამბეჭდავი მონტაჟის წყალობით მოკლე სცენები ერთმანეთს მიჰყვება, როგორც საოცარი საქანელა... ეს არის ამბიციური ზღაპარი, რომელიც ასევე საუბრობს სამყაროს სისასტიკესა და ყოველივე ამაზე რეაქციის არარსებობაზე“, – წერს ფრანგული გამოცემა Le Polyester

„ამ თბილ, მოულოდნელობებით სავსე ხალხურ ზღაპარში ძველ ქალაქში მცხოვრები, სიცოცხლით სავსე შეყვარებულები შეხვედრას გრძნეულების გამო ვერ ახერხებენ“, – წერს ამერიკული გამოცემა Variety.

გამოცემა Awards Daily წერს, რომ კანის კინოფესტივალზე ფილმების „დასაწყისი“ და „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წარმატების შემდეგ, კობერიძის ფილმი „ოქროს დათვის“ ჯილდოს რეალური პრეტენდენტია, რაც იმის დასტურია, რომ ქართულ კინემატოგრაფიაში ძალზე საინტერესო ახალი ტალღა იბადება. 

ბერლინალეს მთავარ საკონკურსო პროგრამაში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი მოხვდა

„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ რეჟისორ ალექსანდრე კობერიძის მეორე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, რომელიც საქართველო–გერმანიის კოპროდუქციაა. ფილმი ორი ადამიანის სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. ფილმის მთავარი გმირები ერთმანეთს ქუჩაში მოულოდნელად ხვდებიან და მათ შორის გრძნობა ჩნდება. ცხოვრება ჩვეული დინებით მიდის და ჩნდება კითხვა – მოახერხებს წყვილი კვლავ შეხვედრას?

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები გიორგი ბოჭორიშვილი, ანა ქარსელაძე, ოლიკო ბარბაქაძე, გიორგი ამბროლაძე და ვახტანგ ფანჩულიძე.

1993 წლის ბერლინალეს შემდეგ, რომელზეც თემურ ბაბლუანის ფილმი „უძინართა მზე“ კინოფესტივალის მთავარი პრიზით „ვერცხლის დათვით” დაჯილდოვდა, ფესტივალის მთავარ კონკურსში ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმი აღარ შერჩეულა.