რა ხდება თბილისის ფსიქიატრიულ კლინიკაში – ომბუდსმენის ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ვითარება გასული წლის სექტემბერში შეისწავლეს
Sputnik

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. ძალადობა, მძიმე ყოფითი პირობები და პაციენტების ექსპლუატაცია – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებიც საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დააფიქსირა.

11 წლის გოგონას ნიშნობის საქმე: საქართველოს და აზერბაიჯანის ომბუდსმენები განგაშს ტეხენ>>

ვითარება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ქვეყანაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სურათის შემადგენელი ნაწილია, რომელიც სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ყოველწლიურ ანგარიშში აისახება. ანგარიშს ომბუდსმენი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

სკოლებში ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი პირობები დამაკმაყოფილებელი არაა: ომბუდსმენი

ანგარიშის თანახმად, მონიტორინგი თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში ომბუდსმენის წარმომადგენლებმა 2020 წლის 15 და 16 სექტემბერს ჩაატარეს.

მონიტორინგის ჯგუფმა გამოარკვია, რომ სამედიცინო პერსონალი ცენტრის პაციენტების უმრავლესობაზე ძალადობს; ამას გარდა სამედიცინო დაწესებულებაშიარ არსებობს პაციენტების სამართლებრივი დაცვის გარანტიები, მათ გასაგები ფორმით არ უხსნიან სტაციონარში მოთავსების მიზეზებს და ასევე სტაციონარში არ არის საჩივრებზე რეაგირების ფორმატი.

მონიტორინგის დროს ასევე გამოვლინდა საერთაშორისო სტანდარტების პირდაპირი დარღვევა იმ პაციენტების მიმართ, რომლებიც ნებაყოფლობით მკურნალობენ.

პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველის ბრალდებებს არ ეთანხმება>>

პრობლემაა პაციენტების პალატებში განთავსებასთან დაკავშირებითაც. როგორც ანგარიშშია მითითებული, პალატები არ არის სათანადოდ აღჭურვილი, პაციენტებს არა აქვთ ყოველდღე დაბანის შესაძლებლობა, ხოლო კონტინგენტის ნაწილს არა აქვს ჰიგიენის საშუალებები, როგორიცაა საპონი, კბილის პასტა და ა.შ. საწოლებზე არ არის თეთრეული, ან თუ არის – ხშირად დახეულია და იშვიათად იცვლება. გამოირკვა, რომ დაწესებულებაში ტილიანობის შემთხვევებიც იყო.

ლომჯარია მთავრობას პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილ მდგომარეობაზე რეაგირებას სთხოვს

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა ასევე გამოარკვიეს, რომ პაციენტებს პრობლემები აქვთ ტანსაცმელთან დაკავშირებით, მათ ნაწილს სხვის საცვლებს აწვდიან, რაც გარკვეული დაავადებების გადაცემის რისკს ქმნის.

მონიტორინგმა ასევე გამოავლინა პაციენტების ექსპლუატაციის ფაქტები. სიგარეტის, ყავის ან დამატებითი საკვების მიღებისთვის მათ დერეფნების, პალატებისა და ტუალეტების დალაგებას აიძულებენ.

გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა ფსიქიატრიული კლინიკების პაციენტების ცხოვრების გასაუმჯობესებლად 40–ზე მეტი რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი გაიგზავნა ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოში.