გომელაური: დავით-გარეჯის ტერიტორიაზე სასაზღვრო სექტორის მშენებლობა მალე დასრულდება

შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციისა და ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სანაპირო დაცვის დეპარტამენტი ნატოს ანტიტერორისტული ოპერაცია „ზღვის მცველის“ მხარდამჭერია.
Sputnik

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. გასულ წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, რომელიც დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოვიდა საქართველოს პარლამენტში კანონმდებლების წინაშე.

გომელაურის განცხადებით, 2020 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სახელმწიფო საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვის, ავიაციის შესაძლებლობების განვითარების, საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებისა და ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებითაც.

„ამჟამად მიმდინარეობს ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორის მშენებლობა. უახლოეს მომავალში დასრულდება სასაზღვრო სექტორის მშენებლობა დავით-გარეჯის ტერიტორიაზე. 2021 წელს დაგეგმილია საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაზრდა“, — განაცხადა მინისტრმა.
რამდენი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს საქართველოში – მინისტრ გომელაურის ანგარიში

მისი თქმით, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, აშენდა სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოთხი სასაზღვრო სექტორი: დედოფლისწყაროში – სექტორი „ლეკისყურე“, ბათუმში – სექტორი „ჩირუხი“, ხოლო ყაზბეგში სექტორები – „ჯუთა“ და „თრუსო“. ასევე განახლდა მესაზღვრის პირადი აღჭურვილობა, სასაზღვრო ინციდენტების გამოვლენისა და მათზე რეაგირების, ასევე სატრანსპორტო და საკომუნიკაციო საშუალებები.

გარდა ამისა, სახმელეთო საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით სასაზღვრო პოლიციას გადაეცა 20 ერთეული ყველგანმავალი „არგო“ და სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკი მაღალი გამავლობის 90 ავტომანქანით და 6 სატვირთო ავტომანქანით გაძლიერდა.

მინისტრის განცხადებით, სრულად განახლდა სანაპირო დაცვის რადიოსაკომუნიკაციო სისტემაც, ასევე კაპიტალურად გარემონტდა სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებები „სოხუმი“ და „ფოთი“.