ოპოზიცია ხელისუფლებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტით დაემუქრა

ოპოზიცია არ ეთანხმება მმართველი პარტიის წინადადებას, მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები განიხილებოდეს, როგორც პლებისციტი
Sputnik

თბილისი, 3 მარტი - Sputnik. თუ ხელისუფლება პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს, ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განუცხადა.

ოპოზიცია კომპრომისზე მიდის: მოხდება პროტესტის ფორმის მოდიფიკაცია

მისი თქმით, როდესაც პოლიტიკური ლიდერები ციხეში სხედან, არჩევნებში მონაწილეობა სხვა არაფერია, თუ არა ფარსი. მან აღნიშნა ასევე, რომ ოპოზიცია არ ეთანხმება მმართველი პარტიის წინადადებას, მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები განიხილონ, როგორც პლებისციტი.

„პლებისციტი ძალიან მარტივია – გინდა თუ არა რიგგარეშე პროპორციული არჩევნები – კი ან არა. დანარჩენი ყველაფერი არის ხელოვნური. პლებისციტი რომ არ გაყალბდეს, ისევე როგორც არ უნდა გაყალბდეს რიგგარეშე არჩევნები, ამისთვის აუცილებელია ცესკო-ს რეფორმა, მათ შორის, პირველი 8 მარტის შეთანხმების შესრულება, ანუ პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, - აღნიშნა უგულავამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით, ამ ვითარებაში გაჩნდება ნდობა ცესკოსადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნდობა არ იქნება.

„გინდა რიგგარეშე არჩევნები ჩაატაროს, გინდა პლებისციტი და გინდა მთვარეზე გაფრენის ორგანიზება, მის მიმართ ნდობა მაინც არ იქნება“, – განაცხადა უგულავამ.

„ჩვენგან ელიან მეტ პატრიოტიზმს“: საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციას მიმართა

ვადამდელი არჩევნების ნაცვლად პლებისციტის ჩატარების იდეა როგორც კომპრომისი ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის გაჟღერდა მხარეების შეხვედრაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, რომელმაც მათ მოუწოდა, ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ ქვეყანაში კრიზისული სიტუაცია განიმუხტოს.

საქართველოში პოლიტიკური კრიზისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ გამწვავდა. გაერთიანებულმა ქართულმა ოპოზიციამ საქართველოს დედაქალაქში საპროტესტო აქციების რამდენიმედღიანი განრიგი დაგეგმა. ქალაქის ცენტრში მსვლელობები და დემონსტრაციები ჩატარდა.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ განახლდება მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასთან. მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.