უნგრეთისა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრებმა ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს

ვიქტორ ორბანმა და ასკარ მამინმა  ირაკლი ღარიბაშვილს  „საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობაზე“ წარმატებები უსურვეს
Sputnik

თბილისი, 2 მარტი - Sputnik. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ასკარ მამინმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს, ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

თურქეთის პრეზიდენტმა ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

როგორც ვიქტორ ორბანის ოფიციალურ მილოცვაშია აღნიშნული, პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობები სწრაფად ვითარდება.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემასა და მეგობრობაზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაღრმავება ორივე ერის ინტერესშია. გარწმუნებთ, ჩემი მთავრობა მომავალშიც დარჩება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვის ერთგულ მხარდამჭერად“, - აღნიშნულია ოფიციალურ მისალოც წერილში.

ასევე, ყაზახეთის პრემიერი ოფიციალურ მისალოც წერილში იმედს გამოთქვამს,  რომ ორი ქვეყნის მთავრობებს შორის მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა ადასტურებს თქვენს მაღალ პოლიტიკურ ავტორიტეტსა და პროფესიონალიზმს. მჯერა, რომ თქვენი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობა არსებით წვლილს შეიტანს ქვეყნის შემდგომ მდგრად განვითარებაში“, -ნათქვამია ასკან მამინის მისალოც წერილში.

საქართველოს პარლამენტმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა 22 თებერვალს გამოუცხადა.