რა არ მოსწონს კახა კახიშვილს საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტში

მმართველი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატი ისნის რაიონში არ ეთანხმება მაჟორიტარების შეკვეცას საკრებულოებში.
Sputnik

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. „საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებში წარმოდგენილ რიგ საკითხებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატი კახა კახიშვილი მხარს არ დაუჭერს.

როგორც დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, „საარჩევნო კოდექსში" განსახორციელებელი ცვლილებების პროექტში არის საკითხები, რომელიც არ არის კავშირში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან.

საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყო. ცვლილებები ეხება როგორც საპარლამენტო, ისე თვითმმართველი ორგანოების არჩევნებს.

4 თებერვალს პარტია „მოქალაქეებმა“ და „ქართულმა ოცნებამ“ სამუშაო ჯგუფი შექმნეს, რომელმაც საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა დაიწყო. კახა კახიშვილს მიაჩნია, რომ საარჩევნო საკითხები უფრო ფართოდ უნდა განიხილებოდეს.

„საკითხი ეხება მაჟორიტარების შეკვეცას საკრებულოებში. მიმაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ საარჩევნო ჯგუფის ფარგლებში არასწორი იქნება. აუცილებელია ჩაერთონ თვითმმართველობის ექსპერტები, რომლებიც შეაფასებენ ამ საკითხს", - განაცხადა დეპუტატმა.
„ქართულმა ოცნებამ“ და „მოქალაქეებმა“ პარლამენტს საარჩევნო რეფორმის პროექტი წარუდგინეს

კახა კახიშვილმა განმარტა, რომ პარლამენტი და საკრებულო განსხვავდებიან ერთმანეთისგან თავისი ფუნქციებისა და ამოცანების მხრივ. შესაბამისად, თუ პარლამენტში განხორციელდა ცვლილება და მაჟორიტარული ნაწილი შეიკვეცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იგივე თვითმმართველობაშიც შესაძლებელია.

„საკრებულო და თვითმმართველობა და მისი არსი იმაშია, რომ მეტი კონტაქტი ჰქონდეს არჩეულ ადამიანებს მოსახლეობასთან. ამ დიდ ნაწილს პასუხისმგებლობის, ამ შემთხვევაში იღებს მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი, რომელიც იმავე რაიონიდანაა, სადაც ირჩევენ. შესაბამისად, ყოველდღიურ კომუნიკაციაშია მოსახლეობასთან“, - განაცხადა კახიშვილმა.

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, რთულად წარმოუდგენია, რომ პროპორციულად არჩეული საკრებულოს წევრი ყოველდღიურ რეჟიმში იყოს კომუნიკაციაში მოსახლეობასთან. მისი თქმით, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების ყოველგვარი დასკვნების და ამ საკითხის მცოდნე ექსპერტების გარეშე განხილვა შეუძლებელია.

საარჩევნო რეფორმა მთელ რიგ ცვლილებას ითვალისწინებს. პირველ რიგში, ესაა ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმების დათვლის ელექტრონული სისტემების შემოღება, იზრდება საარჩევნო საკითხთან დაკავშირებული საჩივრების შეტანის და განხილვის ვადები. მომდევნო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%–ზე ქვემოთ დადგინდება – ზღვარის განსაზღვრა მოხდება საჯარო და საპარლამენტო დებატების ფარგლებში.

მომდევნო არჩევნებზე თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის თვითმმართველ ქალაქებში ყოველ ერთი მაჟორიტარ წევრზე იქნება ოთხი პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება ორი პროპორციული წესით არჩეული წევრი.

საარჩევნო ბარიერი ქალაქის თვითმმართველობებში – თბილისის საკრებულოს შემთხვევაში შეადგენს 2,5%–ს, სხვა თვითმმართველობებში არაუმეტეს 3,2%–ს. ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად განახლდება.