კარტოგრაფების საქმეში ომბუდსმენი სასამართლოს მეგობრის სტატუსით ერთვება

საქმეში სასამართლოს მეგობრის სტატუსით სახალხო დამცველის ჩართვას ეწინააღმდეგება ბრალდების მხარე. პროკურორის განცხადებით, ომბუდსმენის დასკვნაში ფაქტობრივი გარემოებებია დამახინჯებული.
Sputnik

თბილისი, 2 მარტი - Sputnik. მელაშვილი-ილიჩოვას საქმეზე სასამართლოს მეგობრის სტატუსი ომბუდსმენის აპარატს მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატს ექნება საშუალება, საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ტერიტორიის ნაწილის აზერბაიჯანისთვის შესაძლო უკანონოდ გადაცემისთვის ბრალდებული კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე არსებითი განხილვა იმართება.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად დღეს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, კარტოგრაფების საქმის განხილვაში სასამართლოს მეგობრის სტატუსით ჩართონ. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ივერი მელაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, საქმის შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ დარღვეულია ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი, რაც პოლიტიკურ მოტივს გულისხმობს.

„ძალიან ლოგიკური დასკვნა აქვს გაკეთებული სახალხო დამცველს, რომ ეს პროცესი ხორციელდება არა მართლმსაჯულების ინტერესებით, არამედ სხვა მიზეზებით, რაც ნიშნავს, რომ ის ეწინააღმდეგება ევროპული კონვენციით დადგენილი ადამიანის უფლებათა დაცვის და თავისუფლების შესახებ მე-18 მუხლს“, - განაცხადა მშვენიერაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილს დავით–გარეჯის საქმეზე სასამართლოში დაკითხავენ

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ მოითხოვა, არ დართვოდა სისხლის სამართლის საქმეს სახალხო დამცველის მიერ სასამართლოს მეგობრის სტატუსით მომზადებული დასკვნა.

საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით, აღნიშნულ დასკვნაში უამრავი სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებაა დამახინჯებული.

„რაც ყველაზე მთავარია, მოსაზრების ავტორი საქმის მასალებს არ იცნობდა სრულად, ის საქმის მასალებს იცნობდა 2020 წლის 9 ოქტომბრის მდგომარეობით, რის შემდეგაც ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა", - განმარტა სადრაძემ.

პროკურატურის წინააღმდეგობის მიუხედავად, მოსამართლე დალი მეტრეველმა ეს დასკვნა საქმეს დაურთო. წესების მიხედვით, დასკვნის ავტორებს ზეპირი განმარტებებისთვის სასამართლოში დაიბარებენ.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს.

საქართველოს საპატრიარქო კარტოგრაფების გათავისუფლების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს

პროკურატურის განცხადებით, საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბრალდებულები სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში მოქმედებდნენ ზემდგომი თანამდებობის პირების დავალებით. რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს საფუძველზე 28 იანვარს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. გირაოს ოდენობა თითოეული მათგანისთვის 20 ათას ლარს შეადგენს. მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ მიმართა, რომელმაც მათ მიმართ გამოძიება უკვე დაასრულა.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.