როდის მიიღებს ქვეყანა ვაქცინის პირველ დოზებს: სამინისტროს განმარტება

„ასტრაზენეკას“ შემოტანაში ხელს არაფერი გვიშლის, ყველა მხარე უკვე გამართულია. მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში საქართველოში პირველი დოზები შემოვა, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. საქართველოში ვაქცინაცია, სავარაუდოდ, მარტის ბოლოდან AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყება, მანამდე კი შესაძლოა ქვეყანამ Pfizer მიიღოს. ვაქცინაციის ვადებზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

რაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანმოს გენერალურ დირექტორთან>>

COVAX–პლატფორმის მეშვეობით ქვეყანაში Pfizer-ის პირველი პარტია თებერვლის ბოლოს უნდა შემოსულიყო, მაგრამ მისი შემოტანა გადავადდა. თამარ გაბუნიას განმარტებით, COVAX-თან შუალედური კომუნიკაციების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ Pfizer-ის მხრიდან არსებობს გარკვეული დამატებითი მოთხოვნები, რის გამოც ვაქცინის შემოტანა ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა. გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს ქვეყნის ტექნიკურ მზადყოფნასთან კავშირი არ აქვს და საქართველოს მხრიდან Pfizer-ის ვაქცინის მისაღებად შეფერხება არ ყოფილა.

რამდენი ადამიანი აიცრება კოვიდ-ვაქცინით პირველ რიგში საქართველოში

„ჩვენ ველოდებით დაზუსტებას „ფაიზერის“ მხრიდან, რა იქნება დამატებითი კონკრეტული მოთხოვნები ფინანსურ გადაზღვევასთან დაკავშირებით. COVAX ძალიან აქტიურადაა ჩართული ამ პროცესის ფასილიტაციაში, რადგან COVAX-სთვისაც რეპუტაციულია ის დაპირება, რომ თებერვლის შუა რიცხვებში მივიღებდით ვაქცინას „ფაიზერისგან“. ჯერჯერობით ეს ვაქცინა არ გვაქვს”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ერთი კვირის განმავლობაში საბოლოოდ გადაწყდება ყველა ის საკითხი, რომელიც „ფაიზერის“ ვაქცინის შემოტანასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლას, გაბუნიას თქმით, ამ მხრივ ყველაფერი გამართულია და ქვეყანა ვაქცინას უახლოეს პერიოდში ელოდება.

„ასტრაზენეკას“ შემოტანაში ხელს არაფერი არ გვიშლის... მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში უნდა შემოვიდეს პირველი დოზები. ამ კვირაში თანხის გადარიცხვას ვასრულებთ „იუნისეფისთვის“, რომ მოგვაწოდოს პირველი დოზები“, – აღნიშნა გაბუნიამ.

შეთანხმების მიხედვით, საქართველო Pfizer-ის ლიმიტირებულ, 29.250 დოზას ელოდება, რაც შეეხება AstraZeneca-ს, ქვეყანას მარტის შუა რიცხვებში დაახლოებით 180 ათასიდან 300 ათას დოზამდე ვაქცინა უნდა გადმოეცეს.

გამყრელიძე:  სავარაუდოდ, AstraZeneca-ს რამდენიმე ასეული ათასი დოზა უნდა მივიღოთ>>

სპეციალისტების თქმით, იმისათვის, რომ კორონავირუსი აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს, საჭიროა აიცრას მოსახლეობის 80%, მათ შორის ის ადამიანებიც, რომლებმაც ინფექცია გადაიტანეს.