ქრთამის აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს

სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი უცხოელ ბიზნესმენებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ მათ მიერ შესაძენად შერჩეულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოწყობას შეჰპირდა.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი დააკავეს. იუწყება სახელმწიფო უსაფრთხოების სასახური.

ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელი უცხოელ ბიზნესმენებს დაჰპირდა, რომ მათ მიერ შესაძენად შერჩეულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის მოსაწყობად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ჯანმრთელ ხეებს მოჭრიდა. ამის სანაცვლოდ კი მერიის თანამშრომელმა 8 ათასი დოლარის გადახდა მოითხოვა.

„მიმდინარე წლის 26 თებერვალს სამგორის რაიონის გამგეობის თანამშრომელმა აიღო მის მიერ ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 4 000 აშშ დოლარის ოდენობით, რა დროსაც იგი ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებული განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.