„ევროვიზია 2021“-ზე თორნიკე ყიფიანი საკუთარი სიმღერით წარდგება

„ევროვიზია 2021“-ის ნახევარფინალები 18 და 20 მაისს, კონკურსის ფინალი კი 22 მაისს გაიმართება. საქართველო „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.
Sputnik

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. „ევროვიზია 2021“-ზე საქართველოს წარმომადგენელი, მომღერალი თორნიკე ყიფიანი წარდგება სიმღერით You („შენ“), ნათქვამია Eurovision Georgia-ს ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

საკონკურსო სიმღერა თორნიკე ყიფიანმა თავად დაწერა. სიმღერა ინგლისურენოვანია და სხვადასხვა ჟანრს აერთიანებს - როკს, პოპ-როკს და ბლუზ-როკს.

სიმღერის არანჟირება „ბრავო რეკორდსში“ გაკეთდა და მასზე თორნიკე ყიფიანთან ერთად ალეკო ბერძენიშვილმა იმუშავა.

სიმღერის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს გორის გოგონათა გუნდმა, მარიკო ლეჟავამ, მარიამ შენგელიამ და ალეკო ბერძენიშვილმა. მუსიკალური ვიდეორგოლის რეჟისორი თემო კვირკველიაა.

საკონკურსო სიმღერის ვიდეორგოლის გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. სპეციალურად კლიპისთვის ცეკვა მარიამ ალექსიძემ დადგა და ვიდეორგოლში მისი დასი მონაწილეობს. კოსტიუმების დიზაინი კი ქეთი ჩხიკვაძეს ეკუთვნის. სიმღერის პრემიერა მარტის შუა რიცხვებში შედგება.

საქართველო „ევროვიზია 2021“-ის კონკურსისთვის აქტიურად ემზადება

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სასცენო დადგმაზე შვედი რეჟისორი ემილია სინდქვისტი იმუშავებს. ემილია არის საშა ჟან ბაპტისტის შემოქმედებითი ჯგუფის წევრი. მას აქვს ნამუშევარი შვედურ Pop Idol-ზე და შვედეთის ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსზე Melodifestivalen-ზე.

2020 წელს თორნიკე ყიფიანი კონკურსზე უნდა გამოსულიყო სიმღერით Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“), მაგრამ პანდემიის გამო ღონისძიება გადაიდო.

„ევროვიზია 2021“-ის ნახევარფინალები 18 და 20 მაისს, კონკურსის ფინალი კი 22 მაისს გაიმართება. საქართველო „ევროვიზიის“ მეორე ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას.

წლევანდელი ევროვიზია შეიძლება ცარიელ დარბაზში, მაყურებლის გარეშე ჩატარდეს. გავრცელებული ინფორმაციით, განიხილება „ევროვიზიის“ ჩატარების სამი ვარიანტი. პირველი ვარიანტის მიხედვით, კონკურსი როტერდამის საკონცერტო დარბაზ Ahoy Arena-ში შეიძლება ჩატარდეს სოციალური დისტანციისა და სხვა მკაცრი ჰიგიენური ზომების დაცვით. მეორე სცენარი ითვალისწინებს კონკურსის ჩატარებას მონაწილეების ადგილზე ჩასვლის გარეშე. მათი გამოსვლები ონლაინ–რეჟიმში იქნება ადგილებიდან ტრანსლირებული. მესამე სცენარი კი კონკურსის სრულად ონლაინ–რეჟიმში გამართვას მოიაზრებს.

ეპიდვითარების გათვალისწინებით, კონკურსის საბოლოო ფორმატზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება და გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.