დაიწყო იმ 260 დევნილი ოჯახის შერჩევა, რომლებიც თბილისში ბინებს მიიღებენ

განაცხადი შეიტანა 5 ათასმა ოჯახმა, აქედან მონიტორინგის ჯგუფებმა 1193 ოჯახის მდგომარეობა შეისწავლეს. კომისია გადაწყვეტილებას სამ კვირაში მიიღებს
Sputnik

თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. თბილისში, ახალაშენებულ სახლებში ბინებს მიიღებს კიდევ 260-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი, ოჯახებს შეარჩევს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, ნათქვამია დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს განცხადებაში.

ქუთაისში 60 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

260 ოროთახიანი ბინის განაწილების მიზნით დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფებმა 1.193 დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობები და საჭიროებები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 4,5 ან მეტი ქულა, ადგილზე შეისწავლეს. მოკვლეული მასალა განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა.

კომისია მუშაობას დაახლოებით 3 კვირის ვადაში დაასრულებს, რის შემდგომაც დევნილი ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.

დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი აქვს მინიჭებული 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია. თბილისში 37,8 ათასი იძულებით გადაადგილებული ოჯახი ცხოვრობს. სახელმწიფო დევნილ ოჯახებს ბინებს ეტაპობრივად გადასცემს, მაგრამ ისინი თავის რიგს წლების განმავლობაში ელოდებიან.

როგორ ხორციელდება განაწილება

ბინის ან სახლის მისაღებად დევნილებმა სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ. განაცხადის საფუძველზე, მატერიალური უზრუნველყოფისა და ახალი საცხოვრებელი ფართის საჭიროებიდან გამომდინარე სააგენტო მათ 0-დან 10-მდე ქულას ანიჭებს.

600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე საცხოვრებელ ბინებს წლის ბოლომდე მიიღებს

ამის შემდეგ კომისია თითოეული დევნილის საკითხს ადგილზე სწავლობს.

ახალაშენებულ კორპუსებში ახალგარემონტებული ბინების სახელმწიფოს მიერ შესყიდვა და დევნილი ოჯახებისთვის გადაცემა მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა როდია.

სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ და ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.