ქართული დიასპორის ეკონომიკურ ფორუმს 150-ზე მეტი ემიგრანტი დაესწრება

ფორუმის მიზანია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩართულობის ხელშეწყობა.
Sputnik

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ქართული დიასპორის ეკონომიკური ფორუმი 27 თებერვალს ონლაინ–ფორმატში გაიმართება, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უწყების ცნობით, ფორუმი მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის საქართველოს ბიზნეს–გარემოს, საინვესტიციო პოტენციალის, კონკრეტული საინვესტიციო შეთავაზებებისა და პროგრამების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

„ფორუმზე ხაზი გაესმება ქართული დიასპორის როლს საქართველოს ეკონომიკური განვითარების და საერთაშორისო საზოგადოებასთან დაახლოების პროცესში“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან კიდევ ერთი ონლაინ-შეხვედრა გაიმართა

ღონისძიებაზე განიხილება მეწარმეობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები და თანადაფინანსების მექანიზმები, ხაზი გაესმება იმ წამყვან რეფორმებს, რომლებიც საქართველოში ბიზნესის დაწყების თუ ინვესტიციის განხორციელების სიმარტივეს განაპირობებს.

ამასთან, მონაწილეები გაეცნობიან საქართველოს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკას, ქვეყანაში მოქმედ საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებებს და არსებულ სავაჭრო რეჟიმებს.  

ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და გაეროს მიგრაციის სააგენტო - მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). 

ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უცხოეთში მცხოვრები 150-ზე მეტი თანამემამულე დაესწრება.