მიხეილ ხიდურელი: პანდემიის მიუხედავად ექსპორტის მიმართულებით მუშაობა არ გაჩერებულა

ჩატარდა ძალიან ბევრი ონლაინ გამოფენა და შოურუმი, რომლებშიც ქართულ კომპანიებს მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ჰქონდათ, აღნიშნა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელმა
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" 14 კომპანიის საერთაშორისო ღონისძიებაზე წარდგენა შეძლო, განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.

იტალიაში ათი ტონა ქართული თაფლი გავიდა>>

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, 2021 წლის 21-25 თებერვალს ქართული კომპანიები გამოფენაში Gulfood 2021 იღებენ მონაწილეობას.

ქართული ნატურალური წვენი ჩინეთის ბაზარზე გავიდა

„2020 წელს ექსპორტის მიმართულებით მუშაობა არ გაჩერებულა, ჩატარდა ძალიან ბევრი ონლაინ გამოფენა და შოურუმი, რომელშიც ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მონაწილეობა მიეღოთ. თუმცა პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ გამოფენა Gulfood 2021 არის პირველი საერთაშორისო ფიზიკური ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაცია იღებს მონაწილეობას“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა

„აწარმოე საქართველოში" სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობას იღებს 14 ქართული კომპანია. კომპანიების შერჩევა განხორციელდა სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კრიტერიუმებისა და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე.

„ასევე აღსანიშნავია, რომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური დახმარებით შემუშავდა ქართული აგროსასურსათო ვიზუალური იდენტიფიკაცია - ლოგო, რომელიც პირველად არის წარმოდგენილი აღნიშნულ გამოფენაზე“, - თქვა ხიდურელმა.

გამოფენა ტრადიციულად ქალაქ დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმართება და ყოველწლიურად საშუალოდ 92 000 ვიზიტორი სტუმრობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში. Gulfood-ზე მონაწილეობა თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მწარმოებელს შეუძლია, გარდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისა.

Gulfood 2021: ქართული კომპანიები საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ>>

ქართულ დელეგაციას მრავალფეროვანი პროდუქცია აქვს წარდგენილი, კერძოდ: სხვადასხვა თხილეულის, ხილის პროდუქტის, ბოსტნეულისა და ხილის ნატურალური წვენების, თაფლის, დაფნის, მშრალი ხილის (ჩირის) და ჩაის პროდუქტები.