ბაგა-ბაღები 1 მარტიდან აღსაზრდელებისთვის საკვებ პროდუქტს აღარ გასცემენ

ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების გამო ამ დრომდე არ მუშაობენ საჯარო და კერძო ბაღები, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად მიმდინარეობს
Sputnik

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. თბილისის ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტები აღარ გაიცემა. ინფორმაციას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.

დღეს საქართველოს მთავრობამ გასული წლის 28 ნოემბრიდან მოქმედი კოვიდ-შეზღუდვების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც კერძო და საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები ფუნქციონირებას 1 მარტიდან განაახლებენ.

კალაძე: თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებისთვის საკვების დარიგება გაგრძელდება>>

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გამო ამ დროის განმავლობაში საჯარო საბავშვო ბაღები სოციალური პროექტის ფარგლებში აღსაზრდელებისთვის განკუთვნილ საკვებ პროდუქტებს არიგებდნენ.

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 1 მარტიდან განაახლებენ

„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო ყველა სააღმზრდელო დაწესებულების მონიტორინგს მუდმივ რეჟიმში ახორციელებს, რათა უზრუნველყოფილი იქნეს, როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის ჯანმრთელობა და ბაგა-ბაღების შეუფერხებელი ფუნქციონირება“, - ნათქვამია განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით თბილისში ამჟამად 185 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 ათასამდე აღსაზრდელია რეგისტრირებული.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით 25 თებერვლიდან ეტაპობრივად განახლდება ქვეყანაში რესტორნებისა კაფეების მუშაობა დახურულ სივრცეებში, გაიხსნება სპორტდარბაზები, აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და ა.შ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კვლავ ძალაში რჩება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა. ამას გარდა, ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.