ოპოზიციამ თბილისში უვადო პროტესტი გამოაცხადა

რუსთაველის გამზირზე ღამით დარჩენის მსურველთა რეგისტრაცია გამოცხადდა. უგულავას თქმით, ოპოზიცია პარლამენტის შენობასთან 26 თებერვლამდე დარჩება
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ოპოზიცია თბილისში პარლამენტის შენობასთან ღამის გათენებას აპირებს, განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ.

ადვოკატი: ნიკა მელია ბედნიერია, რომ არ მოხდა პროვოკაცია და არ დაშავდნენ ადამიანები

დღეს მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება პარლამენტის წინ რამდენიმე ათასმა ადამიანმა გააპროტესტა.

„მე ჩვენს მეგობრებთან ერთად, ვაპირებ დავრჩე, რადგან თავდასხმის საფრთხე ამ უგუნურებისგან ძალიან დიდია. დაიწყება მორიგეობა და ყველ პოლიტიკური ლიდერი, შეძლებისდაგვარად ჩაერთვება ამ ფერხულში. იმედი მაქვს, ბევრი თქვენგანიც. დღეს კრიტიკული ღამეა, როგორც კი ხალხი შემცირდება, შეიძლება ღამე ტურებივით მოგვეპარონ და ფეხქვეშ გათელონ კონსტიტუცია“, – განაცხადა უგულავამ.

რუსთაველის გამზირზე ღამით დარჩენის მსურველთა რეგისტრაცია გამოცხადდა. უგულავას თქმით, ოპოზიცია პარლამენტის შენობასთან დარჩება 26 თებერვლის აქციამდე, რომელზეც რეგიონების წარმომადგენლებს ელოდებიან.

ამ დროისათვის რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა, ტრანსპორტის მოძრაობა გაიხსნა. პარლამენტთან კარვები დგას.