„ნაცმოძრაობის“ ოფისთან დაშავებულების მდგომარეობა: ჯანდაცვის უწყება ინფორმაციას ავრცელებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია შსს-მ ამ დილით ჩაატარა. ოპოზიციის ლიდერი პარტიის ოფისში დააპატიმრეს.
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მიმდინარე მოვლენებისას პირველადი დახმარება 17 მოქალაქეს გაეწია, აქედან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ადგილზევე მსუბუქად შეფასდა, ორი კი კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დააკავეს>>

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა ამ დილით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაცია ჩაატარა – ოპოზიციის ლიდერი პარტიის ოფისში დააპატიმრეს.

შსს სპეცოპერაციისას 21 ადამიანის დაკავებას ადასტურებს

შტურმის დროს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი ადამიანების ნაწილი შეუძლოდ გახდა. ბოლო მონაცემებით, შსს-ს წარმომადგენლებმა ოპოზიციური პარტიის ოფისი დატოვეს, თუმცა ამ დრომდე რჩებიან მიმდებარე ტერიტორიაზე. აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად დაპირისპირება ხდებოდა.

ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ პარტიის ოფისთან მიმდინარე მოვლენების განმავლობაში ადგილზე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი იმყოფებოდა.

მათი ცნობით, ადგილზე დაშავებული ორი პიროვნება თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსდა. აქედან ერთმა კლინიკა უკვე დატოვა, მეორე პაციენტი კი სამედიცინო დაწესებულებას დღის განმავლობაში დატოვებს.

პრემიერმა პოლიციას სპეცოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა>>

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა.

შსს: პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეცსაშუალებები

18 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა, რის მიზეზადაც ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება დროებით გადადო.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც კანონმდებლების წინაშე პრემიერობის კანდიდატის რანგში წარდგა, პარლამენტის ტრიბუნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება დააანონსა და განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ადამიანის მიმართ, ვინც კანონის ფარგლებს გასცდა.

ოპოზიციამ მელიას დაპატიმრების გამო საპროტესტო აქცია დააანონსა>>

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავების სპეცოპერაცია დაახლოებით 1,5 საათი გაგრძელდა.