„ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე“: რას სთავაზობს ოპოზიციას ღარიბაშვილი

დღეს პარლამენტის წინ მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება რამდენიმე ათასმა ადამიანმა გააპროტესტა
Sputnik

თბილისი, 23 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდა.

„ვთავაზობ ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ოპოზიციურ ძალას, შევიდნენ პარლამენტში და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო გამოვიყენოთ მთავარ პლატფორმად დისკუსიისთვის. როგორც გუშინაც აღვნიშნე, ჩვენ მზად ვართ ნამდვილი დიალოგისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„დამიჯერეთ მე...“ – ღარიბაშვილი პარლამენტიდან ოპოზიციას მიმართავს

ღარიბაშვილმა მოუწოდა ოპოზიციას ერთად იზრუნონ სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის განმტკიცებაზე, დემოკრატიული სისტემის შემდგომ გაძლიერებაზე, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების დაძლევაზე, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს ინტეგრაციაზე.

„ჩვენს სამშობლოს დასაკარგი დრო არ აქვს. დღეს არა დაყოფის, არამედ გაერთიანების დროა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

 მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო დღეს დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე და ამ გამოწვევებისა და მიზნების გარშემო ყველა ერთად უნდა დადგეს, განურჩევლად პოლიტიკური რწმენისა თუ შეხედულებებისა.

„ჩვენ ყველას საერთო სამშობლო გვაქვს, ერთი ქვეყნის შვილები ვართ. საქართველო დღეს დგას უმნიშვნელოვანესი გამოწვევების წინაშე. პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ისედაც რთული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. ასევე, გვაქვს სერიოზული გეოპოლიტიკური გამოწვევები და საგარეო-პოლიტიკური მიზნები“, - განაცხადა პრემიერმა.

„გარანტიას ვიძლევი“ – ღარიბაშვილი ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ

მისი თქმით, კანონის დაცვა ყველა მოქალაქის ვალდებულებაა.

„სახელმწიფოს და მისი კანონების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალი და პასუხისმგებლობაა“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

„კანონის აღსრულებაზე ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა. თუმცა, ჩვენ არ ვითვლით მანიფესტაციაზე დღეს შეკრებილი ადამიანების რაოდენობას, ვინაიდან ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ღარიბაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე პრეზიდენტმა პრემიერთან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და დიალოგის აუცილებლობა განიხილა, ნათქვამია განცხადებაში.

დღეს პარლამენტის წინ მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება რამდენიმე ათასმა ადამიანმა გააპროტესტა. პარლამენტთან კარვებია გაშლილი, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ღამის გათენებას აპირებენ. ღამის გათენების მსურველთათვის რეგისტრაცია მიმდინარეობს. უწყვეტი პროტესტი გაგრძელდება 26 თებერვლამდე, როდესაც დაანონსებული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გაიმართება. ამ აქციაზე რეგიონების წარმომადგენლებს ელოდებიან.

აქციის მონაწილეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას და რიგგარეშე  საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.

ოპოზიციამ თბილისში უვადო პროტესტი გამოაცხადა

ნიკა მელია 2019 წლის 20 ივნისს მასობრივი არეულობების ორგანიზების საქმეში ფიგურირებს. მან უარი განაცხადა შეფარდებული გირაოს მეორედ გადახდაზე. პროკურატურამ გამოძიების პერიოდში მისი წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. სასამართლომ 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შსს–მ 18 თებერვალს მელიას დაკავება გადადო, რისი მიზეზიც პრემიერ გიორგი გახარიას გადადგომა გახდა. 23 თებერვალს, დილით, შსს–ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავა.

საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს „ნაცმოძრაობა“ და სხვა ოპოზიციური პარტიები არ აღიარებენ და მას გაყალბებულს უწოდებენ. ოპოზიცია ნოემბრიდან საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.