როგორ დავაწყნაროთ ბავშვი, თუ ის ისტერიკებს აწყობს: გამოცდილი დედა გიამბობთ

ისტერიკა, როგორც წესი, ყველა ბავშვს ემართება სხვადასხვა მიზეზის გამო. და ყველა მშობელს თავისი მეთოდი აქვს მის შესაჩერებლად თუ აღმოსაფხვრელად.
Sputnik

ვინ – მოფერებით ცდილობს შვილის დაწყნარებას, ვინ – გაწყრომით, ვინ კიდევ უბრალოდ იგნორირებით.

ქვემოთ ერთი დედის გამოცდილებას გაგიზიარებთ, რომელმაც ეფექტური რჩევა ბავშვთა ფსიქოლოგისგან მიიღო.

გენიალური მეთოდი ფსიქოლოგისგან: როგორ დავსვათ ბავშვი სამეცადინოდ ისტერიკის გარეშე

„5 წლის გოგონა მყავს. ჩვეულებრივი დედა ვარ, არც ფსიქოლოგი გახლავართ და არც ექსპერტი, მაგრამ მგონი იდეალური ფორმულა ვიპოვე ბავშვებში ისტერიკის შესაჩერებლად. საქმე ისაა, რომ ჩემი შვილი ვერა და ვერ შეეგუა საბავშვო ბაღს, ნერვიულობდა და ამბობდა, არ მომწონს, არ მინდა ბაღში სიარულიო. მოკლედ, მისი გაღიზიანება იქამდე მივიდა, რომ უკვე ნებისმიერ რამეზე ყვიროდა და ისტერიკა ემართებოდა. ბაღის მასწავლებელმა მირჩია, ბავშთა ფსიქოლოგთან კონსულტაცია გამევლო.

ასეც მოვიქეცი. ფსიქოლოგმა მართლაც მომცა რამდენიმე სასარგებლო რჩევა, მათ შორის, ერთი ნამდვილად გამორჩეული.
ფსიქოლოგმა ამიხსნა, ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ პატივს სცემ მის გრძნობებს და კრიზისის დროს, რა მიზეზითაც უნდა იწყებოდეს ისტერიკა, აუცილებელია დაეხმარო მას დაფიქრდეს და გაერკვეს, რა ემართებაო (საუბარია 5 წელზე უფროს ბავშვებზე).
ახლა წარმოიდგინეთ სიტუაცია: ბავშვი უკვე მზადაა სკანდალის მოსაწყობად — საბაბს მნიშვნელობა არ აქვს, სულ ერთია, თოჯინას ხელი მოსძვრა თუ უბრალოდ ეძინება — თქვენ ატყობთ, რომ წამი-წამზე ისტერიკა დაეწყება, მიდით ბავშვთან, ჩახედეთ თვალებში და მშვიდი ხმით დაუსვით ერთადერთი შეკითხვა:

  • „მითხარი, რის გამოც ბრაზობ, ის პრობლემა დიდია, პატარა თუ საშუალო?“

პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ როცა ჩემი შვილი იწყებდა ფიქრს, რამხელა იყო მისი პრობლემა, თითქოს რაღაც ჯადოქრობა ხდებოდა, თანდათან მშვიდდებოდა, მპასუხობდა და ჩვენ ერთად ვიწყებდით „მუშაობას“ მის აღმოსაფხვრელად.

რა უნდა იცოდნენ გოგონების მამებმა: თუ გსურთ ბედნიერი შვილი გყავდეთ

თანაც, რაც მთავარია, ჩემი გოგონა თვითონ მკარნახობდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავით.

პატარა პრობლემებს სწრაფად და მარტივად ვაგვარებდით, ხოლო იმ პრობლემებს, რომლებიც მას საშუალოდ მიაჩნდა — ცოტა ხანში, ანუ არა იმავე წუთში. ეს ბავშვს ეხმარებოდა გაეაზრებინა, რომ არსებობს ისეთი რაღაცეები, რაც დროს მოითხოვს.
რაც შეეხება „დიდ პრობლემას“, ანუ იმას, რასაც თქვენი შვილი ძალიან სერიოზულად და მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ხოლო თქვენთვის შესაძლოა დიდი სისულელე იყოს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოვუყრუოთ ყური. ბავშვს უნდა დავეხმაროთ იმის გააზრებაში, რომ ქვეყნად ყველაფერი ჩვენს ნებაზე არ ხდება.

ახლა მოგიყვებით სიტუაციას, როცა ამ მეთოდმა ძალიან, ძალიან ეფექტურად იმუშავა: მე და ჩემი გოგონა მეორე დღისთვის სასკოლოდ ტანსაცმელს ვარჩევდით. მას თავისი საყვარელი შარვლის ჩაცმა უნდოდა, მაგრამ გასარეცხი იყო. ბავშვი, ის-ის იყო, წიოკის დაწყებას აპირებდა, რომ უცბად ვკითხე:

— როგორია ეს პრობლემა, დიდი, პატარა თუ საშუალო?
შემომხედა და პატარაო, მითხრა. უკვე იცოდა, რომ პატარა პრობლემები ძალიან სწრაფად გვარდებოდა. მაშინ ვკითხე:
— აბა, მითხარი, როგორ მოვიქცეთ?
— სხვა შარვალი ჩამაცვი.
— ჰოდა, შეარჩიე, რომელიც მოგწონს შენი შარვლებიდან, — ვუთხარი მე.
ბავშვმა გაიღიმა და კარადისკენ გაიქცა. მეც გავყევი და როცა საბოლოო არჩევანი გააკეთა, შევაქე, ნახე, როგორ ისწავლე პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარება-მეთქი?
მოკლედ, იმედი მაქვს, რომ ეს მეთოდი თქვენს შვილებთანაც იმუშავებს. ყოველ შემთხვევაში, ვფიქრობ, ცდა ღირს“.