თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესება არის განათლების კომპლექსური რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება, რასაც განათლების სამინისტრო აქტიურად ახორციელებს, განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა.
სახელმძღვანელოების გასაუმჯობესებლად უწყება გრიფირების პროცესს ახალი კონცეფციის მიხედვით ახორციელებს, რის შედეგადაც მოსწავლეები მიიღებენ წიგნებს, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულს როგორც შინაარსით, ასევე ტექნიკური პარამეტრებით.
ჩხენკელის განმარტებით, სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში მოსწავლეთა მშობლებსაც მიეცემათ აქტიურად ჩართვის საშუალება.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს მე-9 კლასის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი, რომელშიც ჩავრთავთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, მშობლებს. ამისთვის შეიქმნა ელექტრონული პორტალი, სადაც ყველას შეეძლება საკუთარი აზრის გამოხატვა. დიდი იმედი მაქვს, რომ მშობლები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში. მათ ექნებათ საშუალება, გაეცნონ გრიფირებისათვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოების მაკეტებს და თავის აზრი გამოხატონ“, – აღნიშნა ჩხენკელმა.
გრიფირება - სახელმძღვანელოების შექმნის პირველი ეტაპია, რომლის დროსაც სახელმწიფო კომისიის ექსპერტები აფასებენ მის ხარისხს. ისინი განსაზღვრავენ, თუ რომელი წიგნები აკმაყოფილებს ქვეყნის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და რომელი არა.
როგორც ცნობილია, გრიფირება უკვე შეეხო შემდეგ სახელმძღვანელოებს: მე-8 კლასის ყველა სახელმძღვანელო (ჯამში 17 საგანი), დაწყებითი კლასების და მე-7 კლასის ზოგიერთი სახელმძღვანელო, მე–6 კლასში - ქართული, როგორც მეორე ენა, ფრანგული ენა, მე–7 კლასში - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ფრანგული და რუსული ენა.
გავრცელებული ინფორმაციით, გრიფირების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა მიმდინარე წლის გაზაფხულიდან გააქტიურდება.