წყალბურთი: ქართველებმა როტერდამში კანადელები გაანადგურეს

ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე მოასპარეზე 12 გუნდიდან საქართველოს ნაკრებმა მეშვიდე ადგილი დაიკავა
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა როტერდამში ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე მეშვიდე ადგილისთვის გამართულ მატჩში კანადის გუნდი ანგარიშით 18:10 გაანადგურა.

პირველი გოლი გაიტანეს კანადელებმა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს მათი ერთადერთი ლოკალური წარმატება იყო. დეან სტანოევიჩის შეგირდებმა პირველი მეოთხედი დამაჯერებლად მოიგეს 4:2, ხოლო მატჩის შედეგი განისაზღვრა მეორე მონაკვეთში, რომელიც ქართველების სასარგებლოდ ანგარიშით 8:3 დასრულდა.

წყალბურთი: საქართველოს ნაკრებმა ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსი დაკარგა

შესვენების შემდეგ მეტოქეებმა თანაბარი თამაში აჩვენეს - მესამე ათწუთიანი მონაკვეთი საქართველოს ნაკრებმა მინიმალური უპირატესობით 3:2 მოიგო, დასკვნით მონაკვეთში დაფიქსირდა ფრე 3:3.

გამარჯვებულთა შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა გიორგი მაგრაკველიძე, რომელმაც ოთხი გოლი გაიტანა. სამ-სამი გოლი ნიკა შუშიაშვილის და მარკო ელაჩის ანგარიშზეა.

ამგვარად, ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირზე მოასპარეზე 12 გუნდიდან საქართველოს ნაკრებმა მეშვიდე ადგილი დაიკავა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია.

რაც შეეხება ტოკიოს ოლიმპიადის საგზურებს, ისინი მოიპოვეს ხორვატიის, მონტენეგროს და საბერძნეთის ნაკრებებმა.