თბილისი, 21 თებერვალი - Sputnik. საქართველოს ხელსუფლება აპირებს საგადასახადო პოლიტიკის გადახედვას, მათ შორის საგადასახადო შეღავათების, განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა.
იძულებით გადაადგილებული პირთა რა კატეგორია გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან >>
საგადასახადო პოლიტიკის შეცვლა და დამატებითი საგადასახადო შეღავათები ოპოზიციის და ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს. დღეისათვის ქვეყანაში მთელი რიგი საგადასახადო შეღავათები მოქმედებს, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს ეხება.
„არ უნდა დაწესდეს ახალი შეღავათები, ხოლო არსებული შეღავათები უნდა გადაიხედოს მათი სოციალური და ეკონომიკური ეფექტების გათვალისწინებით. სამსჯელოა საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის მნიშვნელოვანი შეცვლა ან საერთოდ გაუქმება“, - განაცხადა მაჭავარიანმა 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის წარდგენისას.
მისი თქმით, გადაიხედება ასევე კომპანიებთან არსებული საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკა.
„კომპანიების ხელშეწყობის გაცილებით უკეთესი საშუალება იქნება გაკოტრების ახალი კანონი, რომელიც პრაქტიკაში უკვე მიმდინარე წლიდან ამოქმედდება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას ითვალისწინებს ეს კანონი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეკონომიკის განვითარებისა და დამატებითი რისკების თავიდან აცილების მიზნით გაუქმდება შეთანხმება გარანტირებული შესყიდვების შესახებ.
„არ უნდა ავიღოთ რისკების მქონე ახალი ვალდებულებები, მათ შორის, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების სახით, რომელიც მომავალში ბიუჯეტზე ზეწოლას გამოიწვევს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.
შაბათს ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებამდე პარლამენტი მინისტრობის კანდიდატების გეგმებს გაეცნო.