ანაკლიის პორტის პროექტი კვლავ „ტრენდშია“: ხელისუფლება ახალ ტენდერზე მუშაობს

საქართველოს ხელისუფლება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსახორციელებლად ახალ ინვესტორს მოიძიებს
Sputnik

თბილისი, 21 თებერვალი – Sputnik. ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოსთვის აქტუალური რჩება, ხელისუფლება ახალ ინვესტორს მოიძიებს, განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეკონომიკა პანდემიის პერიოდში – ეკონომიკის მინისტრის 2020 წლის ანგარიში >>

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და პროექტ „ახალი აბრეშუმის გზასთან" მიერთების მიზნით მიიღო. ამ უკანასკნელს აღმოსავლეთი და დასავლეთი ჯერ კიდევ 2016 წელს უნდა დაეკავშირებინა. 

„ჩვენს სტრატეგიულ ამოცანად რჩება ანაკლიის პროექტი... ვფიქრობ, მსოფლიოში საინვესტიციო გარემოს გაჯანსაღებასთან ერთად შევძლებთ ვისაუბროთ ახალი ინვესტორების მოზიდვაზე. იმედი მაქვს, რომ ეს წელს მოხერხდება, მანამდე კი ვმუშაობთ სატენდერო დოკუმენტაციის განახლებაზე“, - განაცხადა თურნავამ.
თურნავა: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელს სამართლებრივი პერსპექტივა არ აქვს

თავდაპირველად სახელმწიფო პორტის მშენებლობის მთლიანად კერძო სექტორისთვის გადაცემას გეგმავდა და 2016 წელს ამ პირობებით ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული გახდა „ანაკლიის პორტის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც ეკუთვნის TBC Holding-ს და ამერიკულმა კომპანიას Conti International LLC, რომლებმაც კომპანია Anaklia Holding JSC დააფუძნეს. სახელმწიფოს სავალდებულო პირობას სწორედ ამერიკული კომპანიის მონაწილეობა წარმოადგენდა.

ახალი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში დაიწყო, ხოლო 2018 წლის ივლისში დაიწყო ფსკერის 16 მეტრამდე დაღრმავების სამუშაოები, რომლებიც მალე შეჩერდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ შეძლო ფინანსური გარიგების დახურვის ვალდებულების შესრულება, რომელიც ითვალისწინებდა 400 მილიონი დოლარის მოზიდვას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან – EBRD, EIB, OPIC და NDB.

საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო შეთანხმების საბოლოოდ გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.