ქუთაისში 60 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

იმერეთის რეგიონში წლის ბოლომდე საცხოვრებელი ფართებით კიდევ 100-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდება.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. ქუთაისში მცხოვრებ 60-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

იმისათვის, რომ დევნილებმა დაიკანონონ ან მიიღონ ახალი ფართები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ. 

ზუგდიდში 360 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

როგორც უწყებაში აცხადებენ, ავარიულ შენობებში მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების განსახლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.

გავრცლებული ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმერეთის რეგიონში დევნილთა 28 საცხოვრებელი ნგრევადი ობიექტი უკვე დაიხურა.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია.

საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ოთხი ვარიანტი მოქმედებს — სახელმწიფო დევნილებისთვის ბინებს ყიდულობს; მათთვის მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს აშენებს; თუ დევნილის მიერ დაკავებული საცხოვრებელი ფართი ადგილობრივ ან სახელმწიფო ბალანსზეა, მაშინ სახელმწიფო მათ აღნიშნულ ფართს უკანონებს; თუ დევნილები ცხოვრობენ შენობაში, რომელიც კერძო საკუთრებას წარმოადგენს, მაშინ სახელმწიფო მესაკუთრისგან ფართის გამოსყიდვას აწარმოებს და დევნილებს გადასცემს.