თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. მმართველ გუნდში მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები დაწყებულია და მთავრობის ახალ შემადგენლობას უახლოეს პლენარულ სხდომაზე ნდობას გამოვუცხადებთ, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.
18 თებერვალს ყველასთვის მოულოდნელად გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, რის მიზეზადაც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ პრემიერობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა გუშინვე, გახარიას პოსტიდან გადადგომიდან რამდენიმე საათში დაასახელა.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრს უფლებამოსილება გადადგომისთანავე უწყდება, ხოლო მთავრობა ახალი პრემიერის დანიშვნამდე მოვალეობების შემსრულებელი იქნება. მთავრობის მეთაურის მოვალეობებს პირველი ვიცე-პრემიერი შეასრულებს.
მაჭარაშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის კანდიდატთა განხილვა როგორც საკომიტეტო, ასევე ფრაქციების ფორმატში, ნდობის გამოცხადება კი პლენარულ სხდომაზე მოხდება.
„მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა... მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს დღეს წარედგინება. სწორედ ამ მიზნით 18:00 საათზე ბიუროს სხდომაა ჩანიშნული. ბიურო დღევანდელ სხდომაზე გადაწყვეტს, როგორი განრიგით განიხილავენ პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარადგენს პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ანუ „ქართული ოცნება“. თუ პრემიერის კანდიდატურა ორჯერ ვერ მოაგროვებს 76 ხმას, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.
პარლამენტს ორი კვირა აქვს, რომ ნდობა გამოუცხადოს ახალ პრემიერსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობის ახალ შემადგენლობას. თუმცა, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება უმოკლეს პერიოდში მოხდება.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის მხრიდან დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ გახდება. ეს თანამდებობა მას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე ეკავა.
როგორი იქნება ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი ახალი მინისტრთა კაბინეტი, ჯერჯერობით უცნობია.