თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. მინისტრთა კაბინეტისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი 22 თებერვალს პლენარულ სხდომაზე გავა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.
დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ დასახელებულმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრობის ახალი კანდიდატები დაასახელა. „ოცნებამ“ პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი მას შემდეგ წარადგინა, რაც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. გახარიას თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელი გახდა.
თალაკვაძის განცხადებით, 20-21 თებერვალს მინისტრობის კანდიდატების მოსმენები საპარლამენტო კომიტეტებში გაიმართება. 22 თებერვალს პრემიერობის კანდიდატი და კაბინეტი პოლიტიკურ ჯგუფებს - საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შეხვდებიან. ამავე დღეს პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, ნდობის გამოცხადებაზე მიიღებს გადაწყვეტილებას.
„ვალდებული ვარ, მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რათა მოვიწვიოთ რიგგარეშე სხდომა 2021 წლის 22 თებერვლის 15:00 საათიდან. ეს სხდომა მთლიანად დაეთმობა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი სახეა: თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია მინისტრის ამჟამინდელი მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე - ირაკლი ქარსელაძე. თანამდებობაზე რჩება ყველა სხვა მინისტრი.
ვინ არიან მინისტრთა კაბინეტის ახალი სახეები>>
ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუ პრემიერის კანდიდატურა ხმების საჭირო რაოდენობას ორჯერ ვერ მოაგროვებს, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.