გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს ოთხი წლით პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელმაც ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, შეკვეთით განზრახ მკვლელობას გეგმავდა.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს ოთხი წლით პატიმრობა შეეფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ვასამბეკ ბოკოვის პირველი განმარტებები – რატომ ჩამოვიდა ის საქართველოში

ინგუშეთის მცხოვრები ვასამბეკ ბოკოვის დასაკავებლად თბილისში 12 ივნისს სპეცოპერაცია ჩატარდა. მას დოკუმენტების გაყალბება ედებოდა ბრალად. თუმცა, მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) დაადასტურა, რომ ის ასევე განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის ფიგურანტია.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ მ.გ.-მ, ვ.ბ.-ს სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით 2016 წლის 2 ოქტომბრიდან 2020 წლის 11 მარტამდე პერიოდში უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში ყალბ დოკუმენტებს იყენებდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, აღნიშნული პირი 2020 წლის 11 თებერვლიდან 13 ივნისამდე პერიოდში სისტემატურად ახორციელებდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას უკანონო თვალთვალს და მის შესახებ პირადი ინფორმაციის მოპოვებას. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გაბუნია დაზარალებულად არის ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე დამნაშავედ ცნო სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (9 ეპიზოდი), 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (7 ეპიზოდი), 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 157-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რაც შეეხება გაბუნიას, ბოკოვი მასთან რამე კავშირს გამორიცხავს და მისთვის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ 2019 წლის 7 ივლისს თავის საავტორო გადაცემა „პოსტ-სკრიპტუმში“ (მაშინ გაბუნია „რუსთავი2“-ში მუშაობდა) რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა. ეს მოხდა თბილისში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე და რუსეთის მიერ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვამდე ერთი დღით ადრე.

გაბუნია მიიჩნევს, რომ სწორედ პუტინის ეს შეურაცხყოფა გახდა მისი ლიკვიდაციის შეკვეთის მიზეზი. მან ასევე აღნიშნა, რომ თადასხმა ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის დაკვეთით მზადდებოდა. თავად კადიროვმა ბრალდება უარყო.