ბიძინა ესებუას სასამართლო: რა შუამდგომლობა დააყენა დაცვის მხარემ

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას სისხლის სამართლის საქმე მისი ძმის ბიძინა ესებუას საქმეს გამოეყო და ახლა ცალკე წარმოებაშია.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას ძმის ბიძინა ესებუას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი. 

ესებუების საქმე გაიყო: ბიძინა ესებუას საქმე ცალკე წარმოებაშია

დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე შოთა ბიჭიამ მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები დასაშვებად ცნო და საქმე არსებითი განილვისთვის სასამართლოს გადაეცა.

დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების გადახედვის და პატიმრობის 15 ათასი ლარის ოდენობით გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ბიძინა ესებუა პოლიციამ 2020 წლის 4 დეკემბერს დააკავა. მისი ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს ორი ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი, რომელიც მას, სავარაუდოდ, მისი ძებნილი ძმისთვის უნდა გადაეცა.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს, ძმასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და მიიჩნევს, რომ მას მანქანაში იარაღი და დანარჩენი ნივთები „ჩაუდეს“. 

ბადრი და ბიძინა ესებუების მამას გამოძიების ვერსიის არ სჯერა

ბიძინა ესებუას საქმეზე არსებითი განხილვა 4 მარტს ჩაინიშნა.

ბიძინა ესებუას მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ბადრი ესებუას, გამოძიების ვერსიით, ის 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა. ბოროტმოქმედმა ხელისუფლებისგან ნახევარი მილიონი დოლარი, ვერტმფრენი ან მანქანა, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მან ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიმალვა მოახერხა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ბანკზე თავდასხმის ფაქტი ტერორისტულ აქტად შეფასდა.

ამ საქმის გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნიკა ლატარია