„ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა ჩაინიშნა 

ქვეყანაში დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე ქართული ოპოზიციის შემდეგი მიზანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომასა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრას გამართავს.

შეხვედრები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება - პოლიტსაბჭოს სხდომა 15:00 საათისთვის,  16:00 საათზე კი უმრავლესობის შეხვედრაა ჩანიშნული. 

„ქართულ ოცნებაში“ გახარიას გადადგომის მიზეზები განმარტეს

მმართველი გუნდი შეხვედრებზე, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ  თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებასა და ახალი მთავრობის მეთაურის კანდიდატურებზე იმსჯელებს.

მანამდე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღის პირველ ნახევარში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდი საქართველოს პრემიერ–მინისტრის კანდიდატურას პარასკევს დაასახელებს.

დღეს, პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველასთავის მოულოდნელად პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ამის მიზეზად ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით  მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ნიკა მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ექვს წლამდე პატიმრობა ელოდება.

საქართველოს კონსტიტუციით, პრემიერ–მინისტრს უფლებამოსილება თანამდებობიდან გადადგომისთანავე უწყდება, ხოლო მთავრობა ახალი პრემიერის დანიშვნამდე მოვალეობების შემსრულებელი იქნება. მთავრობის მეთაურის მოვალეობებს პირველი ვიცე–პრემიერი შეასრულებს.

ქართულ მასმედიაში ჯერ კიდევ წინა კვირაში გაჩნდა ინფორმაცია პრემიერის შესაძლო გადადგომის შესახებ. მის შემცვლელად კი მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დასახელდა. მაშინ გახარიამ გავრცელებული ხმები უარყო.