ნიკა მელია ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

„ნაცმოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, ქვეყანა მხოლოდ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებით განვითარდება
Sputnik

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, განაცხადა  ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ოპოზიციამ გაყალბებულად გამოაცხადა, მათ საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვაზე უარი განაცხადეს და ახალი არჩევნების დანიშვნა მოითხოვეს.

მელიას განცხადებით, ოპოზიცია მზად არის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გასაგრძელებლად.

„ქვეყანას გამოიყვანს კრიზისიდან მხოლოდ ახალი, ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს დაწყებული სამართლებრივი წესრიგიდან, დამთავრებული სხვა წესრიგით“, - განაცხადა მელიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერ ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

შსს: ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადაიდო

დღეს დილით  ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის განჩინების ჩასაბარებლად სამართალდამცველები მივიდნენ, თუმცა იქ შეკრებილებმა შსს-ს წარმომადგენლებს ოფისის კარი ჩაუკეტეს და არ შეუშვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს სპეციალური განცხადება გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებდა. როგორც გახარიამ განმარტა, მას გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.