უამინდობამ გზებზე პრობლემები შექმნა

საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები უამინდობის გამო მოქმედებს.
Sputnik

თბილისი, 17  თებერვალი – Sputnik. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე შეზღუდვები დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება: სინოპტიკოსები საფრთხეებზე საუბრობენ

გავრცელებული ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა  აკრძალულია.

უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო ასევე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 65–98 კილომეტრ მონაკვეთზე, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოში უამინდობაა. არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო გზების მთელ რიგ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.