სასამართლომ ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა

მას პარლამენტზე შტურმის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობის მიღება ედება ბრალად. საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს ნიკა მელიას. საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის გახმაურებულ მოვლენებს.

ოპოზიციამ პარლამენტთან ერთ დღეში სამი საპროტესტო აქცია გამართა – ვიდეო

ამგვარად, მოსამართლემ ნინო ჩახნაშვილმა ექვსსაათიანი მოსმენის შემდეგ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვდა, რადგან 2019 წლის 20 ივნისის ღამეს პარლამენტის შტურმის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულმა მელიამ გირაო არ გადაიხადა.

სასამართლო დარბაზში განაჩენის გამოცხადების დროს იმყოფებოდნენ მხოლოდ პროკურორები და მელიას ადვოკატები. სასამართლოზე ადვოკატებმა ჩახნაშვილის აცილება მოითხოვეს, მაგრამ მოსამართლემ ამ შუამდგომლობაზე უარი თქვა.

თავად ნიკა მელია უკვე მეორე დღეა „ნაცმოძრაობის“ ოფისში იმყოფება და სასამართლო სხდომის ტრანსლირებას ტელევიზიით აკვირდებოდა. იქვე შეკრებილია სრულიად საქართველოს ოპოზიციური სპექტრი და ოპოზიციის მხარდამჭერები. ისინი აცხადებენ, რომ პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემენ. 

მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განაცხადა, რომ შესაბამისი ორგანოები აღნიშნულ გადაწყვეტილებას უმოკლეს ვადაში აღასრულებენ.