გაეროს გენმდივანი: სასწრაფოდ უნდა შეიქმნას COVID-19-ზე ვაქცინაციის გლობალური გეგმა

გუტერეშის თქმით, ვაქცინაციის გლობალური გეგმის მომზადება და მისი ხორცშესხმისა და დაფინანსების კოორდინაცია შეიძლება იტვირთოს „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ჯგუფმა
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. უმოკლეს დროში უნდა შეიქმნას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გლობალური გეგმა, რათა სახელმწიფოებს შორის ვაქცინების სამართლიანი გადანაწილება მოხდეს, ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიოს ყველა ქვეყანას გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, წერს РИА Новости.

ჯანმო COVID-19-ზე იმუნური პასპორტების გაცემას ეწინააღმდეგება

„მხოლოდ ათ ქვეყანაში გამოიყენეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ყველა ვაქცინის 75%. ამასთან, 130 ქვეყანას არც ერთი დოზა არ მიუღია“, - განაცხადა გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც  COVID-19-სა და ვაქცინაციას მიეძღვნა.

მისი სიტყვებით, პროგრესი ვაქცინაციის საქმეში „უკიდურესად უსამართლო და არათანაბარზომიერია“. ხოლო ბოლო რიგებში მოხვედრის რისკის ქვეშ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებული ადამიანები არიან. ამიტომ გაეროს გენერალურმა მდივანმა ქვეყნებს მოუწოდა, საქმე ისე მოაგვარონ, რომ „ყველამ და ყველგან შეძლოს აცრა, რაც შეიძლება სწრაფად“.

მან დასძინა, რომ ვაქცინების სამართლიანად გადანაწილების მიზნით, მათ შორის, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს შორის, უკვე მოქმედებს COVAX-მექანიზმი.

„COVAX მოითხოვს სრულ დაფინანსებას. მაგრამ ჩვენ მეტის გაკეთება გვმართებს. მსოფლიოს სასწრაფოდ სჭირდება ვაქცინაციის გლობალური გეგმა, რათა გააერთიანოს ყველა, ვინც ფლობს ამისათვის საჭირო ძალაუფლებას, სამეცნიერო ექსპერტიზას, საწარმოო და ფინანსურ შესაძლებლობებს“, - აღნიშნა გუტერეშმა.

გაბუნია: მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციისთვის საჭირო დოზების მობილიზება სრულად მოხდება

მისი სიტყვებით, ასეთი გლობალური გეგმის მომზადება და მისი ხორცშესხმის და დაფინანსების კოორდინაცია შეიძლება იტვირთოს „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ჯგუფმა ამ ინდუსტრიასა და ლოგისტიკის სფეროში ფარმაცევტული კომპანიებისა და საკვანძო მოთამაშეების ამოქმედების გზით.

COVAX - ეს არის საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალურ ალიანსთან (GAVI) და ეპიდემიებისთვის მზადყოფნის უზრუნველყოფის სფეროში ინოვაციების კოალიციასთან ერთად აამოქმედა. იგი ხელს უწყობს საწარმოო სიმძლავრეების შექმნას და ახორციელებს შესყიდვებს. პროგრამის პირობების თანახმად, მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები გამოყოფენ თანხებს ვაქცინების შესაძენად და ამგვარად ეხმარებიან ე.წ. დასაფინანსებელ სახელმწიფოებს.