2021 წელს საქართველოს რეგიონებში 41 სკოლის მშენებლობა დასრულდება

საქართველოში 2022 წლამდე 16 ათას მოსწავლეზე გათვლილი ასზე მეტი სკოლის სარემონტო სამუშაოები დასრულდება
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. მიმდინარე წელს 7020 მოსწავლეზე გათვლილი 41 სკოლის მშენებლობა დასრულდება,  განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში გამოსვლისას.

ყველა პირბადით: სასწავლო პროცესი და კორონავირუსი საქართველოს სკოლებში - ფოტო

მინისტრმა რეგიონებში განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წელს 20 ახალი სკოლისა და 17 საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა. ასევე, ეტაპობრივად 2022 წლამდე დასრულდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია 16 ათასი ბენეფიციარისთვის. ჯამურად ამ პროგრამის განხორციელებისთვის 300 მლნ ლარია გამოყოფილი.

მინისტრის თქმით, სკოლების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის მიმართულებით წელს იწყება კიდევ ერთი ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით უკვე მიმდინარეობს 31 ავარიული სკოლის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დავალებების მომზადება. ამ პროგრამის ფარგლებში კი, ეტაპობრივად, კიდევ 40-მდე სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდება.

ცქიტიშვილის განცხადებით,  წარმატებით მიმდინარეობს სკოლების მცირე რეაბილიტაციის პროგრამაც, რომლის ფარგლებში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, 1410 სკოლაში გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა.

საქართველოში 2085 საჯარო სკოლაა, სადაც 591 ათასზე მეტი მოსწავლე სწავლობს.