საქართველოს წყალბურთელებმა როტერდამში მიმდინარე ტურნირზე კანადელებს მოუგეს

საქართველოს ნაკრებისთვის კანადელებზე გამარჯვება ტურნირზე პირველი გახდა. ამ გამარჯვების შედეგად ქართველებმა დაწინაურება შეძლეს და А ჯგუფში მესამე ადგილზე გადაინაცვლეს
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს წყალბურთის ვაჟთა ნაკრებმა ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში ოლიმპიური თამაშების საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩში კანადის გუნდს ანგარიშით 14:11 მოუგო.

მატჩის ბედი გადაწყდა შეხვედრის პირველ ნახევარში, როდესაც ქართველმა წყალბურთელებმა მეტოქეს ყველა მაჩვენებლით აჯობეს. პირველ მეოთხედში დეან სტანოევიჩის შეგირდებმა მოიგეს ანგარიშით 3:1, ხოლო მეორე მონაკვეთში - 3:2. ბოლო ორი ათწუთიანი მონაკვეთი ერთნაირი ანგარიშით დასრულდა - 4:4.

საქართველოს წყალბურთელები როტერდამში მიმდინარე ტურნირზე საბერძნეთთან დამარცხდნენ

ქართული გუნდის შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი მოთამაშე აღმოჩნდა მარკო ელაჩა, რომლის ანგარიშზეა ოთხი გოლი. ჩვენი ნაკრების კიდევ სამმა წყალბურთელმა დუბლი გააფორმა: მარკო ელეზი, ფაბიო ბარალდი და ბორის ვაპენსკი.

საქართველოს ნაკრებისთვის კანადელებზე გამარჯვება ტურნირზე პირველი გახდა. ამ გამარჯვების შედეგად ქართველებმა დაწინაურება შეძლეს და А ჯგუფში მესამე ადგილზე გადაინაცვლეს. სასტარტო თამაშში სტანოევიჩის აღსაზრდელებმა დრამატულ მატჩში საბერძნეთთან ანგარიშით 10:11 წააგეს.

17 თებერვალს საქართველოს ნაკრები დაუპირისპირდება ბრაზილიას, რომელიც ამჟამად ჯგუფში ბოლო ადგილს იკავებს, ხოლო 18 რიცხვში მონტენეგროს შეხვდება. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი წყალბურთელები ბრაზილიას მოუგებენ, მათ ტურნირის პლეი-ოფში ადგილი გარანტირებული ექნებათ.

ქართველი წყალბურთელები ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის იბრძოლებენ

А ჯგუფში ასევე თურქეთს უნდა ეასპარეზა. მაგრამ ზოგიერთმა მოთამაშემ კორონავირუსზე ტესტი ვერ გაიარა და გუნდი იძულებული გახდა ტურნირი დაეტოვებინა.

ტურნირში ორ ჯგუფად დაყოფილი 12 გუნდი ასპარეზობს. თითოეული ჯგუფიდან მეოთხედფინალში ოთხ-ოთხი საუკეთესო ნაკრები გადავა. ამ ეტაპიდან გუნდებს შორის დაპირისპირება ოლიმპიური სისტემის მიხედვით გაგრძელდება – დამარცხებული ტურნირს გამოეთიშება. ტოკიოს ოლიმპიადაზე საგზურს სამი საუკეთესო ნაკრები მიიღებს.

საქართველოს წყალბურთის ვაჟთა ნაკრები თავისი არსებობის ისტორიაში პირველად იღებს ოლიმპიურ საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობას, რაც შესაძლებელი გახდა იმის წყალობით, რომ ევროპის ბოლო ჩემპიონატზე საქართველოს გუნდმა მე-10 ადგილი დაიკავა.