თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოში პანდემიის ფონზე ვაჭრობა კვლავ ეცემა – 2021 წლის იანვარში ექსპორტზე 224,4 მლნ დოლარის ქართული პროდუქციაა გატანილი – 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,2%-ით ნაკლები, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
აღნიშნულ პერიოდში იმპორტმა 539,4 მლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვართან შედარებით 16,4%-ით ნაკლებია.
2021 წლის იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,3%-ით შემცირდა და 763,9 მლნ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად).
მოსალოდნელი სტატისტიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სტატისტიკის მონაცემების მიხედვით მთავრობა ვარდნას მოელოდა, რადგანაც მსოფლიო ვირუსის მესამე ტალღას ებრძვის, საგარეო ვაჭრობა კი არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული.
„დაახლოებით 16%-ით შემცირდა ექსპორტ–იმპორტი. არის ერთი დადებითი ტენდენცია – სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 62 მლნ დოლარით გაუმჯობესდა. ველოდებით, როდესაც სტატისტიკის სამსახური დაამუშავებს ამ მონაცემებს, ჩვენ ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტში უფრო პოზიტიური დინამიკა გვექნება, ვიდრე ექსპორტში მთლიანად“, – განაცხადა თურნავამ ჟურნალისტებთან.
მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობისთვის ძალზე რთული იყო, საქართველოს სულ დადებითი დინამიკა ჰქონდა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტში.
„ეს ჩვენი დაბალანსებული პოლიტიკის შედეგია. ერთი მხრივ, ჩვენ გარკვეულ აქტივობებს ვზღუდავთ, რათა დღეს არსებული გაუმჯობესებული ეპიდვითარება შევინარჩუნოთ, მეორე მხრივ კი, ჩვენ მაქსიმალურად ავამოქმედებთ ბიზნესს იმისთვის, რომ განვახორციელოთ მეტი ექსპორტი, განვავითაროთ ქართული წარმოება და ქვეყანამ მიიღოს მეტი შემოსავალი“, – განაცხადა თურნავამ.