თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას და ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სამშაბათს, 16 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. ოთხშაბათს და ხუთშაბათს, 17–18 თებერვალს ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს, მოსალოდნელია ნალექი, ძირითადად თოვლის სახით, მაღალ მთაში კი ნისლი და ქარბუქი. შავ ზღვაზე 3–4 ბალიანი შტორმია ნავარაუდევი.
სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ – მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს.
„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პარასკევიდან ორშაბათამდე პერიოდში, 19-22 თებერვალს, ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა, დასავლეთ საქართველოს დაბლობში მინუს 4–6 გრადუსი იქნება. ქვემო ქართლის ბარში ჰაერის ტემპერატურა მინუს 5–7 გრადუსი, შიდა ქართლის რეგიონში მინუს 11–13 გრადუსია ნავარაუდევი.
კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ტემპერატურის მნიშვნელოვანმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.