კაცი, რომელმაც წინაპრების სახლში თავისი გვარის მუზეუმი დააარსა, ანუ როცა ისტორია გრძელდება

მისი მომავალი საქმიანობა, გზა და ცხოვრების წესიც კი უკვე დაბადებიდანვე იყო განსაზღრული იმით, რომ ჯაფარიძეების ოჯახში დაიბადა და მამიდა ლეგენდარული პიროვნება, მთამსვლელი ალექსანდრა (შურა) ჯაფარიძე ჰყავდა.
Sputnik

მთელი მისი ცხოვრება მწვერვალებისკენ სწრაფვაა – განგებამ სხვა არჩევანი არც დაუტოვა...

მისი მომავალი საქმეების ათვლაც იმ დღიდან დაიწყო, როცა ეს პასუხისმგებლობა პირველად გააცნობიერა. ბავშვობაში დაწყებული მოგზაურულ-კვლევითი საქმიანობა გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელა. ამის მერე იყო არაერთი მნიშვნელოვანი ექსპედიცია, სამეცნიერო კვლევა, აღმოჩენა, სტატია, ფილმი, ჯილდო, გამარჯვება...

მან შექმნა უნიკალური არქივი, რითიც გადაარჩინა და შთამომავლობას შემოუნახა ქართული ალპინიზმის 88-წლიანი ისტორია, რომლის შემქმნელები მისი წინაპრები არიან. ჭიათურის რაიონის სოფელ ხრეითში, მამაპაპისეულ სახლში მან მთამსვლელ ჯაფარიძეთა მემორიალური სახლ-მუზეუმი გახსნა. ის გახლავთ მთამსვლელთა ეროვნული ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მთის მოყვარულთა კავშირის" წევრი. საოცრად ენერგიული ადამიანი თითქმის არასოდეს აკლდება ეროვნული მნიშვნელობის მქონე არც ერთ ამბავსა თუ მოვლენას.

ვფიქრობთ, ივანე ჯაფარიძის ბიოგრაფიას, რომელიც ენციკლოპედიური მნიშვნელობის ფაქტებითაა გაჯერებული, ერთი მასალა ვერ დაიტევს, მაგრამ, მაინც, ჩვენ ვცადეთ...

კაცი, რომელმაც წინაპრების სახლში თავისი გვარის მუზეუმი დააარსა, ანუ როცა ისტორია გრძელდება

- ბატონო ივანე, ბავშვობა და ცნობილი მამიდა - რა ასოციაციები გიჩნდებათ ამ სიტყვებზე?

- ალექსანდრას როგორც გმირს ისე აღვიქვამდი, რადგან მისი სახელი სულ ამ ეპითეტით მესმოდა. მასთან ჩემი პირველი შეხება ოთხი წლის ასაკში მახსოვს და ამით ისიც დავადგინე, რომ მახსოვრობა ოთხი წლიდან მაქვს. ზაფხულობით ალექსანდრა მზია ერისთავთან ერთად პიონერთა სასახლის ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტის ასამდე ბავშვს ფეხით დაატარებდა საქართველოს მთასა და ბარში. ლაშქრობის დასასრულს კი თავის მშობლიურ სოფელ ხრეითში რამდენიმე დღით ჩამოიყვანდა ხოლმე...

კაცი, რომელმაც წინაპრების სახლში თავისი გვარის მუზეუმი დააარსა, ანუ როცა ისტორია გრძელდება

- იმდროინდელი რაიმე ამბავი ხომ არ გახსენდებათ?

- 1948 წლის ზაფხულში ჩვენ, როგორც ყოველთვის, მშობლიურ სოფელ ხრეითში ვისვენებდით (სხვა აგარაკი არასდროს გვქონია). მახსოვს ჩვენს ეზოში გაშლილი კარვები და ფოტოსურათის გადაღების ეპიზოდი, როდესაც სასახლის ბავშვები სოფლის მოსახლეობასთან ერთად სურათის გადასაღებად ეწყობოდნენ (იმ დროს ფოტოგადაღება დიდი ფუფუნება იყო). მეც მითხრეს ჯგუფში ჩავმდგარიყავი, მაგრამ გავჯიუტდი და ეს არ გავაკეთე. ალექსანდრა, მზია ერისთავი და დედაჩემი ცოტა მოშორებით იდგნენ. ამ დროს სახლიდან პატარა სამფეხა სკამი გამოვიტანე და მათ წინ მოვკალათდი. 73 წლის წინანდელი ეს მომენტი, მართალია, მუდამ მახსოვდა და მკაფიოდ შემორჩა ჩემს მეხსიერებას, მაგრამ ის გადაღებული ფოტო არასოდეს მინახავს. საინტერესო ისტორიაა, თუ როგორ დაუბრუნდა ჩემს მეხსიერებას ეს მომენტი. საქმე ისაა, რომ 1966 წელს, ჯერ კიდევ მე-5 კურსის სტუდენტმა მუშაობა დავიწყე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც ჩემს უფროს კოლეგებში ალექსანდრა ჯაფარიძისა და მზია ერისთავის რამდენიმე ნამოწაფარიც აღმოჩნდა პიონერთა სასახლის ტურიზმის და ალპინიზმის კაბინეტიდან. მათ შორის ჩემთვის ძვირფასი და დაუვიწყარი ქალბატონი ელისო კოტეტიშვილი, რომელმაც, გაიგო რა ჩემი ვინაობა, საოცარი სიურპრიზი გამიკეთა და ის ფოტო გადმომცა საჩუქრად, რომელზეც ზემოთ აღწერილი ისტორიაა აღბეჭდილი... 

კაცი, რომელმაც წინაპრების სახლში თავისი გვარის მუზეუმი დააარსა, ანუ როცა ისტორია გრძელდება

- თავისთავად ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ სტუდენტმა მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიურ ინსტიტუტში დაიწყეთ მუშაობა, უკვე გამორჩეულია, საერთოდ, საინტერესო სტუდენტობა გექნებოდათ...

- მართლაც ასე იყო. სტუდენტობის დროს უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე ზაფხულობით მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით არაჩვეულებრივი პრაქტიკები ტარდებოდა. მთელი ხუთი წლის განმავლობაში ზაფხული არ გამიცდენია, ან პრაქტიკაზე ვიყავი, ან გეოლოგებთან ერთად ექსპედიციაში. განსაკუთრებული და გამორჩეული იყო ჩვენი სასწავლო პრაქტიკა ყირიმში, სადაც არა მარტო სპეციალობის მიხედვით, არამედ ისტორიულ-კულტურული თვალსაზრისითაც ბევრი რამ ვნახეთ და დიდი ცოდნაც მივიღეთ. მთელი ნახევარკუნძული ფეხით შემოვიარეთ. ვიხილეთ ისტორიული ქალაქები: სიმფეროპოლი, სევასტოპოლი, იალტა, ალუპკა, ალუშტა, ევპატორია, ბაღჩისარაი. ვინახულეთ ნიკიტის ბოტანიკური ბაღი, ვიყავით ქერჩის (აჯიმუშკაის) კატაკომბებში და ა.შ. ჩამოვიტანეთ საკმაოდ მდიდარი ფოტომასალა, რომელიც შემდეგ უნივერსიტეტში გამოვფინეთ, რამაც სათავე დაუდო მომავალ გამოფენებს და ჩვენი პრაქტიკის ერთგვარ ანგარიშადაც იქცა.

კაცი, რომელმაც წინაპრების სახლში თავისი გვარის მუზეუმი დააარსა, ანუ როცა ისტორია გრძელდება

- რას ეხება თქვენი მეცნიერული კვლევა, რომელიც იმ დროს პირველი აღმოჩნდა პალეონტოლოგიის სფეროში?

- გეოლოგიურ ინსტიტუტში სამეცნიერო საქმიანობისას საველე-საექსპედიციო კვლევის შედეგად 1972-74 წლებში უფლისციხის ისტორიული ციხე-ქალაქის მიდამოებში აღმოვაჩინე უნიკალური განამარხებული მცენარეული ნაშთები, რის საფუძველზეც აღვადგინე პალეოგეოგრაფიული სურათი და დავადგინე, რომ 20-25 მლნ წლის წინ დღევანდელი გორი-კასპის რაიონის ტერიტორია ზღვით იყო დაფარული, ხოლო ამ ზღვის სანაპიროზე სუბტროპიკული ტყეები იყო. მოპოვებული მასალების შესწავლისა და განზოგადების საფუძველზე 1980 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავიცავი დისერტაცია, რომელიც ამ თემაზე პირველი ნაშრომი იყო ევროპაში, რადგან ამ ასაკის, ანუ 20-25 მლნ წლის წინანდელი განამარხებული მცენარეული ნაშთები მანამდე ევროპაში ცნობილი არ იყო.

კაცი, რომელმაც წინაპრების სახლში თავისი გვარის მუზეუმი დააარსა, ანუ როცა ისტორია გრძელდება

- თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა რასთანაა დაკავშირებული?

- უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლის ცვეთის თავიდან აცილებისა და გამაგრებისთვის საქართველოს მთავრობის დაკვეთით ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს საჭიროებისთვის რეკომენდაციები შევიმუშავეთ. ამასთან ერთად, ჩემთვის და ჩემი კოლეგა მეგობრებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო დავით გარეჯის მიდამოებში გეოლოგიური კვლევების ჩატარება 1983-1990 წლებში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის ექსპედიცია სამუშაოებს ატარებდა დავით გარეჯის მიდამოებში და უნიკალური ფაქტის მოწმე გახდა - ძველი ნაქალაქარის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა წიდები და მეტალურგიული წარმოების კერები.

კაცი, რომელმაც წინაპრების სახლში თავისი გვარის მუზეუმი დააარსა, ანუ როცა ისტორია გრძელდება

- მაშინ უნდა დადგენილიყო მეტალურგიული წარმოებისთვის აუცილებელი რკინა შემოტანილი იყო თუ ადგილობრივი, ასეა?

- ასეა და ამის დასადგენად დავით გარეჯის მიდამოებში ორი წლის განმავლობაში ვაწარმოებდით გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოებს. საბედნიეროდ, მივაკვლიეთ რკინის 40%-იან შემცველ ქანებს, რითიც არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ ამ ტერიტორიაზე მეტალურგიული წარმოება ადგილობრივი ნედლეულის გამოყენებით ხდებოდა. ალბათ ყველა გაიგებს იმ სიხარულსა და განცდას, რაც ამ უნიკალური ძეგლების სიახლოვეს ასეთი აღმოჩენის ავტორებს დაგვეუფლა.

კაცი, რომელმაც წინაპრების სახლში თავისი გვარის მუზეუმი დააარსა, ანუ როცა ისტორია გრძელდება

- თქვენი 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომიდან რომელია გამორჩეული?

- დიახ, 30-ზე მეტი სამეცნიერო შრომა მაქვს გამოქვეყნებული, რომელთა შორის ერთი მონოგრაფიაა. მასში შეჯამებულია ჩემ მიერ მოპოვებული შედეგები, რაც პირველი აღმოჩნდა ევროპაში და განა ეს გამორჩეული არ უნდა იყოს? ძირითადი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პარალელურად 1966 წლიდან ნაყოფიერად ვმუშაობ ჟურნალისტიკაში. ჩემი წერილები, ნარკვევები, სტატიები, სისტემატურად იბეჭდება ქართულ თუ უცხოეთში გამომავალ ჟურნალ-გაზეთებში. 1978 წლიდან რადიოსა და ტელევიზიაში სხვადასხვა თემაზე 3000-ზე მეტი გადაცემა, ნარკვევი და სიუჟეტი მაქვს მომზადებული.

კაცი, რომელმაც წინაპრების სახლში თავისი გვარის მუზეუმი დააარსა, ანუ როცა ისტორია გრძელდება

- თქვენი გადაცემები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს ოქროს ფონდშია დაცული. რადიოში როგორ აღმოჩნდით?

- რადიოში ჩემი მისვლა ერთმა შემთხვევამ განაპირობა: 70-იან წლებში ჩვენთან, გეოლოგიურ ინსტიტუტში, დირექტორთან, აკადემიკოს პეტრე გამყრელიძესთან მოვიდა ცნობილი ჟურნალისტი ელდარ იბერი, რომელიც იმ დროს სამეცნიერო რედაქციის მთავარ რედაქტორად დანიშნეს. ბუნებრივია, ამ ნიჭიერმა და სიახლის მაძიებელმა კაცმა უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში დაიწყო ჟურნალისტური საქმიანობისთვის გამოსადეგი ხალხის ძებნა. მას ისეთი ხალხი აინტერესებდა, ვინც მეცნიერების ამა თუ იმ დარგის არსისა და რაობის, საინტერესო მიღწევების შესახებ გასაგებად, პოპულარული ენით მსმენელისთვის მიწოდებას შეძლებდა. დირექტორმა დამიძახა და სტუმრის წინაშე წარმადგინა. ელდარ იბერთან გასაუბრების მერე, დაპირებისამებრ, მეორე დილით, ვიდრე ის რადიოს ტრადიციულ თათბირზე შევიდოდა, მას მასალა მივუტანე. ამის შემდეგ დავიწყე შტატგარეშე თანამშრომლობა რადიოს სხვადასხვა რედაქციებთან. 

კაცი, რომელმაც წინაპრების სახლში თავისი გვარის მუზეუმი დააარსა, ანუ როცა ისტორია გრძელდება

- ვიცი, რომ 90-იან წლებში თქვენ საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ობიექტები გადაიღეთ...

- 1992 წელს ძმასთან და მეგობრებთან ერთად ავედი კაცხის სვეტზე, გასაბერი ნავით შევედით სოფელ ხრეითში არსებულ ე.წ. „კარიან კლდეში“, სადაც კარსტული წარმოშობის უდიდესი ტბაა. გამოვიკვლიეთ და ვიდეოფირზე აღვბეჭდეთ წითელ წიგნში შეტანილი ეს ობიექტები და საზოგადოებას ორ ფილმად წარვუდგინეთ. ამ ფილმების საფუძველზე საქართველოს ტელევიზიის „პირველ არხზე“ დაფუძნდა სატელევიზიო პროგრამა „ირაო“, რომლის ერთ-ერთი ავტორი და წამყვანი წლების მანძილზე მეც ვიყავი. 1993 წლიდან პროგრამა „ირაო“ დავამკვიდრე საქართველოს რადიოშიც. გარდა ამისა, რადიოში სხვადასხვა დროს არაერთი პროგრამა და გადაცემა დავაფუძნე. საქართველოს ტელევიზიის დილის პროგრამა „ალიონში“ მიმყავდა გადაცემების ციკლი „ვიმოგზაუროთ საქართველოში“, რომლის ავტორი, რეჟისორი და ოპერატორი თავად ვიყავი. ტელევიზიის სპორტულ პროგრამა „ჩემპიონში“ (რომელიც მიჰყავდა კოტე მახარაძეს, და მისი გარდაცვალების შემდეგ – სოსო ლაღიძეს) ვუძღვებოდი მთამსვლელობასა და სახელოვან ქართველ მთამსვლელებთან დაკავშირებულ ყველა გადაცემას.

კაცი, რომელმაც წინაპრების სახლში თავისი გვარის მუზეუმი დააარსა, ანუ როცა ისტორია გრძელდება

- თქვენი ოჯახი ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში და მასთან ბევრი საამაყო ისტორიაა დაკავშირებული. თუ გახსენდებათ ამბავი, რომელმაც უსამართლობის განცდა დაგიტოვათ?

- მახსოვს ერთი ეპიზოდი, რომელიც უკავშირდება 1952 წელს, როცა ეკრანებზე გამოვიდა ერთ-ერთი პირველი ქართული ფერადი მხატვრული ფილმი „მწვერვალთა დამპყრობნი” (რეჟისორი დ. რონდელი). ფილმი ალექსანდრასა და მისი ძმების ალპინისტურ მოღვაწეობას ეხებოდა. თუმცა, სამწუხაროდ, მაყურებელმა მასში სიყალბისა და გამოგონილი ისტორიების საშინელი ნაზავი ნახა. საზოგადოებამ ფილმი არ მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მასში ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები ნატო ვაჩნაძე, შალვა ღამბაშიძე, გიორგი შავგულიძე, მედეა ჯაფარიძე, ტარიელ საყვარელიძე, გოგი გელოვანი, ზურაბ ლეჟავა, ვახტანგ ნინუა, ლიანა ასათიანი, ალექსანდრე აფხაიძე, ლანა ღოღობერიძე, ლია ელიავა თამაშობდნენ. იმ ფილმში იმდენად უსუსურად, ყალბად და უმწეოდ იყო ნაჩვენები ჩვენი ოჯახის ისტორია, რომ იგი ღირსების შეურაცხყოფად მიაჩნდათ. მახსოვს ამ ფილმთან დაკავშირებით მამაჩემის აღშფოთება და, ალექსანდრასთან საუბრისას, მამიდას ტირილი. მაშინ ჩემს ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად ვნახე ცრემლიანი ალექსანდრა, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე დიდი ტრაგედიები გადაუტანია...

- თქვენ იმ იშვიათ ადამიანთა რიცხვში ხართ, ვინც თავისი გვარის მუზეუმი დააარსა...

- ალბათ, მართლაც ერთადერთი ვარ. სოფელში, მამაპაპისეულ სახლში გახსნილ მუზეუმში საკუთარი ზურგით ჩავიტანე თბილისიდან ყველა ის ექსპონატი, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ვინახავდით. გარდა ამისა, „ალიოშა ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპურ კლუბში” ჩემი დირექტორობის დროს მეგობრების დახმარებით აღვადგინეთ და განვაახლეთ 90-იანი წლების მოვლენების დროს გაძარცულ-განადგურებული, ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი ქართული მთამსვლელობის მუზეუმი. ყველა ექსპონატი და მასალა, რასაც ჩვენი ოჯახი ინახავს, ჩემთვის სხეულის ნაწილივითაა. თითოეული ექსპონატი ოჯახის ისტორიის ცალკე გვერდია, რასაც ათწლეულებია დიდი რუდუნებით ვაგროვებ, ვუვლი და ვინახავ.

„ილიკომ მითხრა, ცეკვას მე გასწავლიო!“ – „სუხიშვილების“ ვარსკვლავის ზღაპრად ქცეული ცხოვრება

- ამ მუზეუმს ბევრი გამორჩეული სტუმარი ჰყავდა, თქვენთვის რომელი იყო ყველაზე დასამახსოვრებელი?

- დიდი ემოციური დატვირთვა გვქონდა, როცა მუზეუმის დათვალიერების შემდეგ აღტაცება გამოთქვა მსოფლიო ალპინიზმის ლეგენდამ, ჰიმალაების თოთხმეტივე 8000-იანი მწვერვალის უჟანგბადოდ დამლაშქრავმა რაინჰოლდ მესნერმა. ხოლო როცა იტალიის ალპური კლუბის პრეზიდენტმა სილვიო კალვიმ გაიგო, რომ მთამსვლელ ჯაფარიძეთა უშუალო მემკვიდრე ვიყავი, დიდხანს მესაუბრა და-ძმა ჯაფარიძეთა ღვაწლზე მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში. ეს ამბავი ჩემთვის იმდენად დიდი და სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, კინაღამ გავგიჟდი. ვერ წარმოვიდგენდი, რომ იტალიაში – ალპინიზმის მექაში ჩვენი ოჯახის წევრების საქმიანობას ასე კარგად იცნობდნენ.

„უცებ ცაზე ლევანის უზარმაზარი ფიგურა გამოისახა“– ლევან გოთუას ცხოვრებაში მომხდარი სასწაული

- საბოლოოდ ქართულ ალპინიზმს და ალპინისტებს თქვენ არაერთი ნაშრომი, კვლევა, სტატია, გადაცემა და ფილმი მიუძღვენით…

- დიახ, ასეა. უკვე მრავალი წელია ვიკვლევ ქართული სპორტის, კერძოდ, ალპინიზმის ისტორიის საკითხებს. ჩემს სტატიებს, წერილებსა და ნარკვევებს შეხვდებით სპორტსმენებზე გამოცემულ წიგნებში, ალბომებში, ენციკლოპედიებსა და სპორტულ ცნობარებში. ქართველ მთამსვლელებსა და მთამსვლელობაზე, საქართველოს მთიანეთის პრობლემებზე გამოქვეყნებული მაქვს 200-ზე მეტი წერილი, სტატია, ნარკვევი. შექმნილი მაქვს შვიდი სატელევიზიო ფილმი, რომელთაგან ერთმა - „სუ-ალტო (მიხეილ ხერგიანის ხსოვნას)“ 2001 წელს მოსკოვში მთისადმი მიძღვნილი ფილმების მე-5 საერთაშორისო ფესტივალზე მოიპოვა პრიზი „ალპინისტური ტრადიციების შენარჩუნებისათვის“. ჩემმა ფილმმა 2004 წელს თბილისში გამართულ სამთო, სათავგადასავლო და ექსტრემალური დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე „ნიამორი“ გაიმარჯვა ნომინაციაში „სამთო ექსპედიცია“. ფესტივალ „ნიამორის“ 2008 წლის ლიტერატურულ კონკურსში, ნომინაციაში „დოკუმენტური მოთხრობა - მთამსვლელობის დედამთავარი“ დაიმსახურა ფულადი პრემია და პირველი ადგილი. 1988 წელს ჩემი ავტორობით გამოიცა ბუკლეტი „საბჭოთა ალპინიზმის სახელოვანი წარმომადგენლები“, თანაავტორი ვარ უნიკალური წიგნებისა – „სპორტის ენციკლოპედია“ და „ქართული სპორტის ოქროს წიგნი“, ჩემი შესავალი წერილით იწყება წიგნი–ალბომი „კაცი ლეგენდა“, რომელიც „კლდის ვეფხვს“ – მიხეილ ხერგიანს მიეძღვნა.

ცოცხალ ლეგენდას თენგიზ არჩვაძეს 88 წელი შეუსრულდა

- მოკლედ, თქვენ იმ რაოდენობის მასალა შეაგროვეთ და გამოამზეურეთ, რომ ქართველ მთამსვლელთა მემატიანე ხართ...

- რა გითხრათ... მე მხოლოდ ფაქტებს მოგახსენებთ. გარდა იმისა, რაც უკვე მოგახსენეთ, წლების მანძილზე შევკრიბე და თავი მოვუყარე ქართველ მთამსვლელთა უნიკალურ დოკუმენტურ მასალას დღიურების, ჩანაწერების, მწვერვალებიდან მოხსნილი ბარათების, ჯილდოების, სიგელების, ეპისტოლარული მემკვიდრეობის, ფოტო, კინო, ვიდეო და აუდიოჩანაწერების სახით, შევქმენი უნიკალური არქივი, რითიც გადავარჩინე და შთამომავლობას შემოვუნახე ქართული ალპინიზმის თითქმის საუკუნოვანი ისტორია, რომლის ფუძემდებლები ჩემი წინაპრებიც იყვნენ. ყოველივე საფუძვლად დაედო 2010 წელს ჩემი ავტორობით გამოცემულ უნიკალურ წიგნს „მყინვარწვერიდან ევერესტამდე“, რომელშიც გაშუქებულია ქართული ალპინიზმის სახელოვანი ისტორია და გაცოცხლებულია ქართული მთამსვლელობის კორიფეთა სახეები. აღნიშნული წიგნისათვის 2013 წელს ნომინაციაში „ქართული სპორტის ისტორია“ დავით აღმაშენებლის სახელობის ისტორიულ-ლიტერატურული პრემია მომენიჭა.

- მწვერვალზე თქვენი ყველაზე ემოციური ასვლა მინდა გაიხსენოთ...

- მინდა გავიხსენო 2007 წლის 16 მაისს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მწვერვალ ქარქასზე ასვლა 200 ირანელთან ერთად, რასაც დიდ გამარჯვებად ვთვლი. არასოდეს დამავიწყდება, ასვლის წარმატებით დასრულების ნიშნად მწვერვალზე ხუთჯვრიანი ქართული დროშა რომ ავაფრიალე. ასევე გამარჯვებად ვთვლი ფერეიდანში ჩემ მიერ ჩატანილი 21 ძირი რქაწითელის გახარებას... 

კაცი, რომელმაც წინაპრების სახლში თავისი გვარის მუზეუმი დააარსა, ანუ როცა ისტორია გრძელდება

- და, მაინც, რა არის ყველაზე მაღალი „მწვერვალი“, რაც ცხოვრებაში დაიპყარით?

- ადამიანის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე დიდი მწვერვალი ზნეობისა და სიყვარულის ძალაა, რომელიც მუდამ გასაზრდოებს და გაძლიერებს. განა მაღალი მწვერვალი არაა, როცა წინაპრების სახელს უფრთხილდები, შვილებსა და შვილიშვილებს ღირსეულად ზრდი და მომავლისკენ ახედებ?!.